საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
2კ-735აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002546774

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №735აპ-19 ქ. თბილისი

შ. ა. 735აპ-19 19 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. შ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 23:35 საათზე, ქ. თ-ში, ფ., კორპუს N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ა. შ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ე. შ-ზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ ხელი ორჯერ დაარტყა სახისა და კეფის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ძალადობის ჩადენისას ე. შ. იყო ორსულად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ა. შ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ა. შ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ა. შ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ა. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა სიგუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი ადასტურებენ ა. შ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს; ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო უშუალოდ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული ე. შ-ს სამედიცინო ბარათითა და 2018 წლის 30 ივნისის პაციენტის სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ე. შ-ს, ამ უკანასკნელის გადმოცემით, მეუღლემ - ა. შ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. სამედიცინო ბარათის თანახმად, ე. შ-ს აღენიშნება მცირედი მტკივნეულობა, თავის ზედაპირული ტრავმა.

9. დაზარალებულმა ე. შ-მ- და მოწმე რ. ს-მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, ხოლო მოწმეების - ს. მ-ს, გ. ჩ-ს, ი. მ-ს ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, სამედიცინო შემოწმების ბარათი, ეყრდნობა დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას. ამდენად, უტყუარად არ დასტურდება ა. შ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც მოწმეების - ს. მ-ს და გ. ჩ-ს ჩვენებებიდან ირკვევა, მოქალაქე ე. შ-ს საუბარი დაფიქსირებულია მათ სამკერდე კამერებზე, რაც საქმის მასალების მიხედვით, არ არის ამოღებული, ისევე როგორც დაზარალებულის მიერ განხორციელებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

11. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).

12. სასამართლო აღნიშნავს რომ დაზარალებულის შერიგება ბრალდებულთან, მათ შორის დაქორწინების ფაქტი, ისევე როგორც დაზარალებულის მხრიდან სასამართლოსთვის სხვადასხვა ფორმით ( მაგ. ხელწერილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება) წარმოდგენილი განცხადება ბრალდებულთან შერიგების და მის მიმართ პრეტენზიების არარსებობის შესახებ ან თხოვნა ბრალდებულის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოყენების ან გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, a priori არ ნიშნავს დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას. ოჯახური დანაშაულისთვის დამახასიათებული თავისებურებებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე.

13. ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე. ამიტომ სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ნორმალურ გარემოში ცხოვრების და განვითარების უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №628აპ-19).

14. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, ECtHR, no. 55164/08, § 67, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, ECtHR, no. 47666/13, § 50, 11/07/2017; Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, 09/07/2019, §78 ).

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე