ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
2კ-7-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№71-20 11 თებერვალი, 2020 წელი

თ. მ., 71-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან – კ. თ.-ს

პროკურორ - ქეთევან გურაშვილის

ადვოკატების - გ. ნ.-ს და გ. ტ.-ს

დაზარალებულის წარმომადგენლის – თ. მ.-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. თ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ.-ს და გ. ტ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის განაჩენით მ. თ., – დაბადებული წელს, ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. თ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ.-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 25-ე,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლითა და 9 თვით, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. თ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ მ. თ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ნ.-მ და გ. ტ.-მ საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები ითხოვენ განჩინებაში ცვლილების შეტანას, მ. თ.-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, დაზარალებულის – სს „თიბისი ბანკის“ პოზიციის გათვალისწინებით.

4. ადვოკატებმა – გ. ნ.-მ და გ. ტ.-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

5. დაზარალებულის – სს „თ.-ს“ წარმომადგენელმა თ. მ.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განაცხადა, რომ თანახმაა, მსჯავრდებულ მ. თ.-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები და იგი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

6. პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

3. შესაბამისად, მსჯავრდებული მ. თ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელისგან, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულის – სს „თ.-ს“ სამართალწარმოების განყოფილების უფროსის – ც. ქ.-ს ცნობა, რომლის მიხედვითაც, სს „თ.“ არ არის წინააღმდეგი, მსჯავრდებულ მ. თ.-ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აღნიშნული პოზიცია სასამართლო პროცესზე საკასაციო საჩივრის განხილვისას დაადასტურა სს „თ.-ს“ წარმომადგენელმა

4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით, რომლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირა მ. თ.-ს საქართველოს სსკ-ის 25-ე,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საბოლოოდ მ. თ.-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ზემომითითებული კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. თ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ.-ისა და გ. ტ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. თ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან;

4. მსჯავრდებულ მ. თ.-ს საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე