საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002797598
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №809აპ-19 ქ. თბილისი
მ. დ. 809აპ-19 13 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ-ში, გ-ს ქ. N..–ში მდებარე ბინა N..-ში ყოფნისას, დ. მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. ზ-ს, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენით დ. მ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გაუქმდა დ. მ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 1 თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. 2019 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ. ზ-მ (დ. მ-ს მეუღლემ), ი. და ს. მ-ებმა (დ. მ-ს შვილებმა) საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო მოწმე ლ. კ-ს გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები ეყრდნობა სხვა პირის, კონკრეტულ შემთხვევაში - დაზარალებულ ნ. ზ-ს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას (ირიბი ჩვენება). ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა და მოწმეებმა (ი. და ს. ო მ-ებმა) უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ დადგინდა, დ. მ-მ- იძალადა თუ არა დაზარალებულზე და ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა მან ტკივილი. აქვე, პალატამ გაითვალისწინა, რომ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N … დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებში ნ. ზ-ს სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.
7. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა სიგუა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და დ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ დ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, მათ შორის არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
9. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო უშუალოდ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებზე.
10. სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას და კვლავაც იმეორებს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19).
11. სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას ოჯახური დანაშაულის ხასიათთან დაკავშირებით, მაგრამ კვლავაც აღნიშნავს, რომ „აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, ECtHR, no. 55164/08, § 67, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, ECtHR, no. 47666/13, § 50, 11/07/2017; Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, 09/07/2019, §78 ) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება #627აპ-19).
12. დაზარალებულმა ნ. ზ-მ და მოწმეებმა - ი. და ს. მ-ებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დაფიქსირებულია დაზარალებულ ნ. ზ-ს განმარტება, რომ მეუღლემ გაარტყა ხელი; მოწმე ლ. კ-ს გამოკითხვის ოქმით - ნ. ზ-მ განუცხადა მას, რომ სცემა მეუღლემ - სახეში გაარტყა ხელი, თუმცა პაციენტს ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ ემჩნეოდა; სამედიცინო დოკუმენტაციასა და ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნ. ზ-ს სხეულზე მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
13. სასამართლო იზიარებს კასატორის მოთხოვნას, რომ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებშიც, საქმეში დადგენილი ობიექტური გარემოებებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით სასამართლომ უნდა დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი თუმცა კვლავაც აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ბრალეულობა დადასტურებული უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
14. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო ისტორიითა და ექსპერტის დასკვნით ვერ დასტურდება დაზიანების მიყენების ფაქტი და დაზიანებასთან დაკავშირებული, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები (მაგ. დაზიანების მიყენების სავარაუდო დროის პერიოდი, ხერხი, მიზეზი, დაზიანების ხილული კვალის გამოვლენასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.), ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
15. მტკიცებულებათა მოპოვების სირთულის მიუხედავად, აღნიშნული არ გულისხმობს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებითი სტანდარტი ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ერთნაირია - საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა გარემოებები არ გამოკვეთილა.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე