დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
2კ-8-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №8I-20 თბილისი

ი. მ., 8I-20 11 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან - კ. თ.-ს

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ - რ. კ.-ს

თარჯიმან - ი. ნ.-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს ადვოკატ რ. კ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, 2015 წლის 12 მარტის დადგენილებით მ. ი.-ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159.1-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა დაკრედიტების სფეროში, ანუ მსესხებლის მიერ ფულადი სახსრების მიტაცება ბანკისთვის განზრახ ყალბი და არასწორი ინფორმაციის წარდგენით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის 10 ეპიზოდის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დაჯგუფების წევრები - მ. ი. ნ. ჟ.-სთან, აგრეთვე, ქ. მოსკოვის საველოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გასამართლებულ და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, უკანონოდ დაეუფლა სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულების კუთვნილ თანხას. ამასთან, დაჯგუფება შექმნილი იყო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანაშაულების ჩადენის მიზნით. მას გააჩნდა მყარი იერარქიული სტრუქტურა, რომლის წევრებს ჰქონდათ შესაბამისი ფუნქციები.

· დროის ზემოაღნიშნულ პერიოდში ბანკებისათვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით მ. ი.-მ და მისმა თანამონაწილეებმა უზრუნველყვეს ბანკების მიერ მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმება ავტომობილების შეძენის მიზნით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებების კოორდინაციასთან ერთად, მ. ი.-ს ფუნქციას წარმოადგენდა თანხის მოძიება, რომელიც საჭირო იყო პირველადი შენატანის გადახდისათვის. მასვე უნდა უზრუნველეყო გამოძიებით დაუდგენელი თანამონაწილეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების გადაცემა, მათში განზრახ მცდარი ინფორმაციის შეტანის მიზნით.

· ზემოაღნიშნული გეგმის თანახმად, ავტომობილების მიღების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 10 ცალკეულ შემთხვევაში არ შეასრულეს საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და „მ.-ს ბანკს“, „რ.-ს სბერბანკს“, „ვ.-ს ბანკსა“ და „ს.-ს ბანკს“ მიაყენეს 9 660 387.4 რუსული რუბლის მატერიალური ზიანი.

2. ქ. მოსკოვის საველოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მ. ი.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი შეიცვალა პატიმრობით და გამოცხადდა მისი ძებნა.

3. ქ. მოსკოვის საველოვსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით მ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159.1-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა დაკრედიტების სფეროში, ანუ მსესხებლის მიერ ფულადი სახსრების მიტაცება ბანკისთვის განზრახ ყალბი და არასწორი ინფორმაციის წარდგენით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის 10 ეპიზოდის ჩადენაში და დაუსწრებლად მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. 2017 წლის 27 ივლისიდან მ. ი. იძებნება ინტერპოლის არხებით.

5. 2019 წლის 18 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი მ. ი.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით მ. ი.-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 18 მაისიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ი.-ს ადვოკატის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

8. 2019 წლის 26 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ. ი.-ს ექსტრადიციის თაობაზე მიიღო რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

9. 2019 წლის 26 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ადამიანის უფლებათა გარანტიების შესახებ მისივე დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოდან მიიღო მ. ი.-ს მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მ. ი.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 18 ნოემბრამდე.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. ი.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 18 თებერვლამდე.

12. 2020 წლის 27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. ი.-ს, - დაბადებულის წლის , - რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ ქ. მოსკოვის საველოვსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ი.-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ ქ. მოსკოვის საველოვსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, რომლითაც იგი მსჯავრდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159.1-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა დაკრედიტების სფეროში, ანუ მსესხებლის მიერ ფულადი სახსრების მიტაცება ბანკისთვის განზრახ ყალბი და არასწორი ინფორმაციის წარდგენით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის 10 ეპიზოდის ჩადენაში.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს ადვოკატმა რ. კ.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

15. საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს ადვოკატმა რ. კ.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. ასევე, საკასაციო საჩივარზე დართული და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მ. ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების საფუძველზე ალტერნატივის სახით მოითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს ავადმყოფობის გამო მის გამოჯანმრთელებამდე სასამართლო სხდომის გადადება.

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა მ. ი.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და სრულად დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნებს.

17. პროკურორი არ დაეთანხმა დაცვის მხარეს და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი მ. ი.-ს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, რომ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ი.-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები, კერძოდ, არსებობს ეროვნული ნიშნით მისი შევიწროების საფრთხე. ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება, რომელიც მ. ი.-ს მიმართ რუსეთის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო ადვოკატის ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

6. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად მ. ი.-ს დევნას პოლიტიკური მოტივით, მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებების გამო. ასევე, ექსტრადიციის შემთხვევაში იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. მ. ი. რუსეთის ფედერაციაში უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით.

7. ამასთან, სასამართლო იზიარებს პროკურორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს მიმართ წარმოდგენილი გარანტიები საკმარისია და სარწმუნოდ მიიჩნევს მათში მითითებულ პირობებს, მათ შორის მ. ი.-ს მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობასთან მიმართებით. აქვე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციაში მ. ი.-მ თავი აარიდა საქმის განხილვას და მიიმალა, რის გამოც განაჩენი მის დაუსწრებლად იქნა გამოტანილი.

8. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ მ. ი.-ს ოჯახის წევრი - ხანდაზმული დედა ცხოვრობს საქართველოში, პალატა მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლებელია გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში მ. ი.-ს დედის საქართველოში ცხოვრება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს, მითუფრო, რომ მ. ი. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და მისი მეუღლე და შვილები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ.

9. გარდა ამისა, დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წარმოება არ დასრულებულა და პროცესის დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს საკითხებზე მიმდინარე სამართალწარმოება ვერ იქნება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.

10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს ადვოკატის მოსაზრებასთან მიმართებით, რომ მ. ი. რუსეთის ფედერაციაში გასამართლებულია ეჭვის საფუძველზე და იგი უდანაშაულოა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს მ. ი.-ს ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება წარმოადგენდეს განხილვის საგანს ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.

11. ხოლო რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მ. ი. არის მძიმე ავადმყოფი, ესაჭიროება სათანადო მკურნალობა და გამოჯანმრთელებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, საკასაციო პალატა წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე არ ეთანხმება დაცვის მხარეს, იზიარებს პროკურორის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, „ექსტრადიციის შესახებ“ პარიზის 1957 წლის 13 დეკემბრის ევროპული კონვენციით, „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ი.-ს ადვოკატ რ. კ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი