დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
2კ-3-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802220003392682

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3I-20 ქ. თბილისი

ი. ო., 3I-20 17 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - დ. შ-ს

თარჯიმან - თ. ც-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ი-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ი-ს (O. Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ო. ი-ს მიმართ საბერძნეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

20.. წლის .. იანვარს საბერძნეთის რესპუბლიკის დოდეკანესის მძიმე დანაშაულების განმხილველი ერთწევრიანი შემადგენლობის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ო. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საბერძნეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე და 46-ე მუხლებთან ერთობლიობაში N 4251/2014 კანონის 30-ე მუხლის §1-ის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების უკანონოდ, ჯგუფურად, მოგების მიღების მიზნით გადაყვანაზე გემის კაპიტნის წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ სასჯელი დანიშნა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის 14 ცალკეულ მიგრანტთან მიმართებით სათითაოდ.

2015 წლის 14 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

საბერძნეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ო. ი-ს მიერ საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის .. სექტემბერს ო. ი-მ დაიყოლია ა. ც. და ა. ო., რათა მათ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ შეეყვანათ არალეგალი მიგრანტები. იმავე დღეს ა. ც.მ და ა. ო.მ (რომელიც ითვლებოდა კაპიტნად), იახტის მეშვეობით, თ-ს რესპუბლიკის მ-ს რაიონიდან საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ რ-ს ტერიტორიაზე უკანონოდ შეიყვანეს ს-ს არაბული რესპუბლიკის მოქალაქე - 14 არალეგალი მიგრანტი, რომლებსაც არ ჰქონდათ საბერძნეთის რესპუბლიკაში შესვლის კანონიერი უფლება. თავის მხრივ, მიგრანტების იახტიდან ხმელეთზე გადმოსაყვანად ზემოხსენებულმა პირებმა გამოიყენეს დამხმარე ნავი, რომელზეც ასევე იმყოფებოდა ო. ი.. ამასთან, საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეყვანის სანაცვლოდ, აღნიშნულმა პირებმა თითოეული მიგრანტისგან მიიღეს ფულადი თანხა - 1 500 ევრო.

20.. წლის .. თებერვლიდან ო. ი. საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი

ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. ო. ი.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

20.. წლის .. ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ი..

2019 წლის 19 ივნისს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. ი-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2019 წლის 19 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ო. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე საბერძნეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

2019 წლის 26 ივლისსა და 2019 წლის 9 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საბერძნეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ო. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე, რომელიც მიიღო, შესაბამისად, 2019 წლის 5 აგვისტოსა და იმავე წლის 28 ოქტომბერს.

2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლის განჩინებით ო. ი-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 16 დეკემბრამდე.

2019 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლის განჩინებით ო. ი-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 16 მარტამდე.

3. 2020 წლის 6 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ო. ი-ს საბერძნეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა საბერძნეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე და 46-ე მუხლებთან ერთობლიობაში N 4251/2014 კანონის 30-ე მუხლის §1-ის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების უკანონოდ, ჯგუფურად, მოგების მიღების მიზნით გადაყვანის თაობაზე გემის კაპიტნის წაქეზება 14 მიგრანტთან მიმართებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ საბერძნეთის რესპუბლიკის დოდეკანესის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 იანვარს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ი-ს საბერძნეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საბერძნეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე და 46-ე მუხლებთან ერთობლიობაში N 4251/2014 კანონის 30-ე მუხლის §1-ის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების უკანონოდ, ჯგუფურად, მოგების მიღების მიზნით გადაყვანის თაობაზე გემის კაპიტნის წაქეზება 14 მიგრანტთან მიმართებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ საბერძნეთის რესპუბლიკის დოდეკანესის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 იანვარს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის რისკი, მათ შორის - სიცოცხლის უფლების, ასევე შეიძლება იგი დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; გარდა ამისა, დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირეული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. საბერძნეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ი. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 20.. წლის .. ივნისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ი-ს მითითებას, რომ არსებობს მისი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ვინაიდან იგი ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას 20.. წელს თ-ს რესპუბლიკაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შესახებ საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება ო. ი-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ცალკეული უფლების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია. ამასთან, მსგავსი საფრთხეები არ იკვეთება არც საექსტრადიციო მასალების შესწავლის შედეგად.

5. დაცვის მხარის პოზიცია, რომ ო. ი-ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს საბერძნეთის რესპუბლიკაში, რადგან არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხე, ვინაიდან საბერძნეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას. აღნიშნულის თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია დაცვის მხარეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკეროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), No 46827/99 46951/99, ECHR [GC], 73). მოცემულ შემთხვევაშიც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შექმნიდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ო. ი. ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდაბარება წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას და მხოლოდ ზოგადი სახის განცხადებები უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

6. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები. კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთანავე, საბერძნეთის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, საბერძნეთის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.

7. გარდა ამისა, საბერძნეთის რესპუბლიკა არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჩენტიევი და იბრაგიმოვი სლოვაკეთის“ წინააღმდეგ (Chentiev and Ibragimov v. Slovakia,) App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

8. კასატორის კიდევ ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ო. ი-ს ექსტრადიცია ასევე შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, რადგან მას არ მიეცემა ოჯახური ცხოვრების რეალიზაციის შესაძლებლობა, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში შესაძლოა გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოში ო. ი-ს ოჯახური კავშირების არსებობის ფაქტი, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დარღვევის რისკი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშილი

მ. გაბინაშვილი