დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700080287
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №23აგ-19 თბილისი
ჯ. ვ., 23აგ-19 3 დეკემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ აპოლონ დანელიას 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მ. ჯ-სა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) და გ. მ-ს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) მიმართ, სისხლის სამართლის კანონით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამავე დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №...., ვინაიდან იმავე ფაქტზე არსებობდა ო-ს რაიონული პროკურატურის .... წლის .... დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე №.... გარდაცვლილილ ი. გ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა შპს „მ-ს“ მინდობილი მესაკუთრე ვ. ჯ-ს წარმომადგენლის - ნ. ს-ს საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ აპოლონ დანელიას 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილების გაუქმების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2009 წლის 17 მარტის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ვ. ჯ-სა და მისი ადვოკატის - ნ. ს-ს სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის დადგენილება დარჩა უცვლელად.
4. 2019 წლის 15 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ვ. ჯ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის დადგენილების გადასინჯვა, საქმის არსებითად განხილვა, ყველა ახალი, არსებითი მნიშვენლობის მქონე და ახლად გამოვლენილ მტკიცებულებათა გამოკვლევა და სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა ყალბია, ხოლო მასში მითითებული მონაცემები - მცდარი, რის გამოც ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა და შესაბამისად, არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით ვ. ჯ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითება, რომ დაუშვას მისი შუამდგომლობა და არსებითად განიხილოს საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ჯ-ს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების ფაქტის დამადასტურებელი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგინდებოდა მტკიცებულების სიყალბე.
4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება ვ. ჯ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე