საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
2კ-640აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700088710

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე N640აპ-19 ქ. თბილისი

ნ-ი ე, 640აპ-19 16 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მაისის განაჩენით:

1.1.ე. ნ-ი (მონაწილეობის გარეშე), - დაბადებული .... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

1.2.დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ დ. ლ-ს შორის 2009 წლის 22 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. ლ-ა, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

1.3.დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ გ. ნ-ს შორის 2009 წლის 22 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ნ-ე, - დაბადებული ... წლის .... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 375–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 12 დღით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და პირობითი მსჯავრი - 3 წლითა და 9 თვით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, 7 თვითა და 12 დღით და პირობითი მსჯავრი - 3 წლითა და 9 თვით.

1.4.თ. ბ-ე, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25.109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

საქართველოს სსკ–ის 52–ე მუხლის შესაბამისად, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, თ. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდით - ....., მასში მოთავსებული სიმბარათის ნომრით - ....., თავისი ყუთით, ტელეფონის პასპორტითა და აპარატის აქსესუარებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საფინანსო სააგენტოს“ მეშვეობით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ქ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. 2014 წლის 2 მაისს რ-ს ფედერაციაში დააკავეს ძებნილი მსჯავრდებული ე. ნ-ი, რომელიც ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და 2014 წლის 25 ოქტომბერს შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. ნ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ს-მ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მაისის განაჩენი ე. ნ-ს მიმართ დარჩა უცვლელად:

5.1. ე. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 29 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ ე. ნ-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 25 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 2 მაისიდან 2014 წლის 25 ოქტომბრამდე.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ნ-ა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

6.1.დ. ლ-ა იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში თ. ბ-ნ, რომელიც მუშაობდა თ-ი, იპოთეკური სესხების ფირმა შპს „თ-ი“. ე. ნ-ი მეგობრობდა ყოფილ მეზობელ დ. ლ-ნ. თ. ბ-ს შეექმნა ფინანსური პრობლემები ვალის გადაუხდელობის გამო. ლ. გ-ე ხშირად აკითხავდა და ჩხუბით ითხოვდა თანხის დაბრუნებას. ვალის დასაფარად თ. ბ-მ გადაწყვიტა, დაუფლებოდა მ. ბ-ს კუთვნილ თანხას და განიზრახა დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან შეიმუშავა გეგმა. დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად ჩანაფიქრი გაანდო და წინასწარი შეთანხმებით შეუკავშირდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. ლ-ა და მის მეგობარს - ე. ნ-ს (რომლებიც დასთანხმდნენ ჩაედინათ განზრახ მკვლელობა). თ. ბ-მ დანაშაულის ჩასადენად იქირავა ბინა მოქალაქე ხ. კ-ნ, მდებარე: თ-ი, დ-ს მასივში, მე–... კვარტლის, მე–... კორპუსის ბინა №..., რის შემდეგაც დაუკავშირდა მ. ბ-ს და შესთავაზა ბინის ყიდვა, გასაყიდ ბინად კი დაასახელა მის მიერ ნაქირავები ზემოხსენებული ბინა. 2008 წლის 26 სექტემბერს თ. ბ-ე შეხვდა მ. ბ-ს ე. ნ-ს „ოპელ ასტრას“ მარკის ა/მანქანით, სახელმწიფო ნომრით .... და მიიყვანა ნაქირავებ ბინაში, სადაც მათ წინასწარ შეთანხმებისამებრ, დახვდათ: დ. ლ-ა და ე. ნ-ი. ეს უკანასკნელი მ. ბ-ს გაეცნო, როგორც ხსენებული ბინის მესაკუთრე. მათ დაარწმუნეს მ. ბ-ი, რომ ყიდდნენ მითითებულ ბინას 20 000 აშშ დოლარად. მ. ბ-ი დასთანხმდა ბინის ყიდვას შეთავაზებულ თანხად და აღუთქვა ფულის გადახდა ბინის გადაფორმების დღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ 2008 წლის 29 სექტემბერს აღნიშნული ბინა გადაფორმდებოდა. 29 სექტემბერს, დილის საათებში, თ. ბ-ე კვლავ შეხვდა მ. ბ-ს ე. ნ-ს „ოპელ ასტრას“ მარკის ა/მანქანით და მიიყვანა დ-ს მასივში, მე–.. კვარტლის მე–... კორპუსის ბინა №...–ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, სადაც მათ წინასწარი შეთანხმებისამებრ, დახვდათ: ე. ნ-ი და დ. ლ-ა. თ. ბ-მ მოტყუებით შეიყვანა მ. ბ-ი ბინაში, სადაც ე. ნ-ა და დ. ლ-მ ანგარებით, ჯგუფურად მოკლეს იგი. ისინი დაეუფლნენ მ. ბ-ს კუთვნილ 20 000 აშშ დოლარს, რომელიც გაიყვეს ერთმანეთში ისე, რომ ე. ნ-ა და დ. ლ-ს შეხვდათ 6500–6500 აშშ დოლარი, ხოლო თ. ბ-ს - 7000 აშშ დოლარი. ისინი ასევე დაეუფლნენ მ. ბ-ს კუთვნილ ოქროს ნივთებს: ბაჯაღლოს ბეჭედს ათი ბრილიანტის თვლით, ღირებულს 1500 ლარად; წყვილ ოვალური ფორმის ოქროს საყურეს, ღირებულს 500 ლარად; ოქროს ყელსაბამს (ე.წ. „ცეპს“), ოქროს ჯვრით, გულის ფორმის კულონითა და მედალიონით ღვთისმშობლის გამოსახულებით, ღირებულს 500 ლარად; ბაჯაღლოს ბეჭედს, რომელსაც ზედა მხარე ჰქონდა განიერი, ღირებულს 1000 ლარად; ოქროს ე.წ. „კლეოპატრას ბეჭედს“, ღირებულს 1200 ლარად; წყვილ მარაოსებური ფორმის საყურეს, ღირებულს 1500 ლარად; ვერცხლის ბეჭედს წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“, ღირებულს 50 ლარად. დანაშაულის კვალის დასაფარად ბაზრობაზე მათ შეიძინეს დიდი ზომის ჩანთა, რომელშიც სამივემ მოათავსა მ. ბ-ს გვამი და შემდეგ, ჟ-ს მახლობლად, გზიდან ხრამში გადააგდეს.

6.2.აღნიშნულის შემდეგ, დ. ლ-მ გადაწყვიტა მიმალვა, რისთვისაც თ-ს დასატოვებლად დასჭირდა სატრანსპორტო საშუალება. ვინაიდან არ ჰქონდა საკუთარი ა/მანქანა, 2008 წლის 2 ოქტომბერს დახმარებისთვის მიმართა ო-ს რაიონის სოფელ ნ-ი მცხოვრებ გ. ნ-ს, რომელიც დროებით იმყოფებოდა თ-ი. დ. ლ-მ გ. ნ-ს მოუყვა მომხდარი მკვლელობის შესახებ და სთხოვა ადვილად გადაადგილებაში დახმარებოდა სატრანსპორტო საშუალებით. თავის მხრივ, გ. ნ-მ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დ. ლ-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, განიზრახა დანაშაულის დაფარვა, რის სისრულეში მოსაყვანად თავის ნათესავს - ლ. ნ-ს მანქანით გადაყვანა სთხოვა. გ. ნ-მ ლ. ნ-ე დაარწმუნა, რომ დ. ლ-ა ჩამოსული იყო რ-ნ, არ ჰქონდა პასპორტი, რის გამოც ეშინოდა პოლიციის, ამიტომ იგი უნდა წაეყვანათ ა/მანქანით, საჭირო საწვავს კი თავად დ. ლ-ა შეიძენდა. 2008 წლის 5 ოქტომბერს თ-ი, პ-ს ქუჩაზე, ერთმანეთს შეხვდნენ დ. ლ-ა, გ. და ლ. ნ-ი. „ბმვ–ს“ მარკის ავტომანქანაში ჩაასხეს საწვავი და გაემართნენ ქ. ბ-ი, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დააკავეს დ. ლ-ა. მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მკვლელობის გზით მოპოვებული თანხა - 3800 აშშ დოლარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე. ნ-ა და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.

7.1.კასატორის მითითებით, სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასდა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოწმეთა ჩვენებები არის ცრუ. ყოველივე აღნიშნულმა კი ხელი შეუწყო ე. ნ-ს დამნაშავედ ცნობას. საქმეში ჩართული მეცხრე პროკურორი, როგორც შეეძლო, ისე ამახინჯებდა მოწმეების ჩვენებებს და „სასამართლო შეჰყავდა შეცდომაში.“ იგი იმდროინდელ არაკანონიერ ქმედებებს კვლავ ხელს აფარებს.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

8.1. საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8.2. გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

8.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და უთითებს, რომ მოწმეების - დ. ლ-ს, გ. ნ-ს, თ. ბ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით ე. ნ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე,“ მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 29 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია.

10. დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია ისეთი სახის გარემოებაზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ბ. ალავიძე