დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802220003475915
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N10I-20 თბილისი
ზ-ი ლ., 10I-20 28 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ - გ. ნ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ლ. ზ-ის
თარჯიმან - მარინე ირემაშვილის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ლ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. ზ-ის მიმართ რ-ის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2018 წლის 22 იანვრის (პროკურორის მიერ დამტკიცებულია 2018 წლის 30 იანვარს) საბრალდებო დასკვნის თანახმად, ლ. ზ-ს ბრალად ედება რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) და 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
1.2. 2018 წლის 13 მარტს ქ. მ-ის კ-ოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ლ. ზ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეიცვალა პატიმრობით, 2 თვით.
1.3. 2018 წლის 26 დეკემბერს რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ლ. ზ-ის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
1.4. 2019 წლის 11 თებერვლიდან ლ. ზ-ი იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ქმედების ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 24 ოქტომბერს, რ-ის ფედერაციის ტერიტორიაზე ლ. ზ-მა მოქალაქე ა. ბ-ზე უკანონოდ გაასაღა 43.5 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში (კანაფის ფისი), რისთვისაც მისგან მიიღო თანხა - 10 000 რ-ი რ-ი, 5000 რ-ი რ-ის მოგვიანებით მიღების პირობით. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს, ა. ბ-ის ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ამოიღეს.
2.2. აგრეთვე, 2017 წლის 31 ოქტომბერს ლ. ზ-მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში (კანაფის ფისი) მასით არანაკლებ 59.4 გრამი, რომელსაც უკანონო გასაღებისათვის ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის 31 ოქტომბერს აღნიშნული ნივთიერება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ლ. ზ-ის ბინის ჩხრეკის დროს ამოიღეს. მათ აგრეთვე ამოიღეს „ML Scale-E“ მარკის სასწორი, რომლის ზედაპირზეც აღინიშნებოდა ნარკოტიკული საშუალების კვალი და რომელიც უნდა გამოყენებულიყო ნარკოტიკული საშუალების შემდგომი დანაწილებისა და გასაღებისათვის.
3. ლ. ზ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2019 წლის 27 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლ. ზ-ი.
3.2. 2019 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ლ. ზ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
3.3. 2019 წლის 6 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ. ზ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
3.4. 2019 წლის 26 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ლ. ზ-ის ექსტრადიციის თაობაზე რ-ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
3.5. 2019 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ლ. ზ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 27 აგვისტომდე.
3.6. 2019 წლის 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ლ. ზ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 27 ნოემბრამდე.
3.7. 2019 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ლ. ზ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი - 5000 ლარით. იმავე განჩინებით ლ. ზ-ს დაეკისრა სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები.
4. 2020 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა ლ. ზ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე, ხოლო 2020 წლის 18 თებერვალს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მისი შუამდგომლობა (რომელსაც ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი) და საბოლოოდ ითხოვა:
4.1. ლ. ზ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2018 წლის 22 იანვრის (პროკურორის მიერ დამტკიცებულია 2018 წლის 30 იანვარს) ლ. ზ-ის საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) და 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი:
5.1. ლ. ზ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2018 წლის 22 იანვრის (პროკურორის მიერ დამტკიცებულია 2018 წლის 30 იანვარს) ლ. ზ-ის საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) და 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი გ. ნ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმებას.
6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ რ-ის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სავალალო მდგომარეობა დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ თვით რ. მედიაში ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული და საქმეზე დართული არაერთი მასალით. ამასთან, ლ. ზ. არის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც სისტემატურად მონაწილეობდა რ-ის ფედერაციაში გამართულ ანტისახელისუფლებო გამოსვლებში. აღნიშნულის გამო რ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ლ. ზ. პროტესტის გამომხატველ სხვა მრავალ ადამიანთან ერთად, ჯერ რამდენჯერმე დააკავეს (აქციების დროს), ხოლო შემდეგ კი „ჩაუდეს“ ნარკოტიკული საშუალებები და შეთხზეს სისხლის სამართლის საქმე (თუმცა შეუფარდეს არა პატიმრობა, არამედ შინაპატიმრობა).
6.2. დაცვის მხარე ექსტრადიციის დამაბრკოლებელ ერთ-ერთ გარემოებად აგრეთვე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს. საქართველოში ლ. ზ-მა შეირთო მეუღლე (საქართველოს მოქალაქე ნ. შ.). საპატიმრო დაწესებულებაში გამოკითხვის დროს ლ. ზ-ს არ სურდა საკუთარ პრობლემებში მეუღლის „გახვევა,“ მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში მათ შორის ოჯახური კონფლიქტი არსებობდა.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა, ადვოკატმა გ. ნ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება (რასაც აგრეთვე დაეთანხმა ლ. ზ.), ხოლო პროკურორმა, ნანიკო ზაზუნაშვილმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა მოთხოვნა.
3. რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლ. ზ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 27 თებერვალს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატის საჩივარში მითითებულ პოზიციას ლ. ზ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადირების შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის თაობაზე.
5. პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).
6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში დაცვის მხარემ სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ზოგადი ფორმით მიუთითა რ-ის ფედერაციაში ლ. ზ-ის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე, კერძოდ, კასატორის მიერ წარმოდგენილ მასალაში აღწერილია რ-ის ფედერაციის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული მძიმე ვითარება. კონკრეტული ინფორმაცია კი, რომელზე დაყრდნობითაც საკასაციო სასამართლოს შესაძლოა ევარაუდა ლ. ზ-ის მიმართ რ-ის ფედერაციაში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის რეალური დარღვევის საფრთხის შესახებ, - დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
7. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი აგრეთვე აპელირებს იმ ფაქტზე, რომ ლ. ზ., როგორც სამოქალაქო აქტივისტი (რაც გამოიხატება ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობით) არაერთხელ დააკავეს და გაათავისუფლეს. აღნიშნულის შემდეგ კი, მის მიმართ მოცემული სისხლის სამართლის საქმე „შეთხზეს.“ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ ამ შემთხვევაშიც გარდა ზეპირსიტყვიერი განცხადებისა, ვერ მიუთითა რაიმე სახის კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელსაც შესაძლოა მისი პოზიცია გაემყარებინა. მეტიც, დაცვის მხარემ თავადვე აღნიშნა, რომ ლ. ზ-ის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა, ვინაიდან მას აკავებდნენ დილით, ხოლო საღამოს კი ათავისუფლებდნენ. ამასთან, ვინაიდან ლ. ზ. რიგითი სამოქალაქო აქტივისტია, მედიას მის მიმართ იმ დოზით ინტერესი არ გასჩენია, რომ რაიმე სახის სტატია დაეწერა მასზე (რასაც შემდგომში, მტკიცებულებად წარმოადგენდა). ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ლ. ზ-ის მიმართ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უკანონო დევნაზე, ხელოვნურად შექმნილ ბრალდებაზე მიუთითებდა.
8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ზ-ს წინასწარი გამოძიებისას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა შეთანხმება - გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ (ხელწერილი), რომელიც შემდეგ პატიმრობით შეეცვალა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოტივად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ლ. ზ-მა ხელწერილის ჩამორთმევის პირობებშიც განაგრძო სამოქალაქო აქტივობა, რის გამოც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მისი დაპატიმრება დააპირეს. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და უთითებს, რომ როგორც მოსკოვის კუნცევოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ირკვევა, გამოძიების პროცესში ბრალდებულმა ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება, არ დაეტოვებინა კონკრეტული ადგილი; აღნიშნულის შემდეგ კი ბრალდებული წინასწარ მოსმენაზე არ გამოცხადდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემდეგ სასამართლომ მიმართა სხვადასხვა საშუალებას ლ. ზ-თან დასაკავშირებლად (სატელეფონო ზარი, ტელეფონოგრამა, ოჯახის წევრისათვის ინფორმაციის მიწოდება) და მხოლოდ მას მერე, რაც დადგინდა, რომ იგი აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და არც სხვა ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იყო ცნობილი, მიიღო მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც რ-ს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან ლ. ზ-ზე გაუსვლელობის ხელწერილის მოქმედების პირობებში (და მათ შორის სხვა დროსაც) ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზეწოლას დაადასტურებდა.
9. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს რ-ის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, ექსტრადიციის შემთხვევაში ლ. ზ-ის გადაცემის მოთხოვნა მიზნად არ ისახავს მის დევნას - პოლიტიკური მოტივებით, მისი ეროვნების, რასობრივი კუთვნილების, რელიგიურ თუ პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ამასთან, ლ. ზ-ს მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა; იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, ღირსების შემლახველი სახის მოპყრობას ან დასჯას.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარანტია წარმოადგინა კომპეტენტურმა ორგანომ, კერძოდ, გენერალურმა პროკურატურამ. პალატა უთითებს, რომ გარანტიის შინაარსი არ არის ზოგადი ან ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და “ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). მასში კონკრეტული სახით არის მითითებული ის უფლებები, რომელთა დაცვის ვალდებულება რ-ის ფედერაციას აკისრია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
11. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მეუღლის საქართველოში ცხოვრების ფაქტს („ოჯახური ურღვეობის“ პრინციპის დარღვევის საფრთხე, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი), საკასაციო პალატა ამ ნაწილში აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29).
12. ლ. ზ-თან N- პენიტენციურ დაწესებულებაში გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ მისი მეუღლე ნ. (გვარი არ ახსოვს) არის საქართველოს მოქალაქე და დაკავებამდე დაახლოებით 1 წელი ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ამასთან, ლ. ზ-ის დედ-მამა ცხოვრობს რ-ში, ხოლო და - ი-ში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში ლ. ზ-ის მიერ მეუღლის გვარის დავიწყება იწვევს გარკვეული სახის ეჭვებს, მაგრამ აღნიშნულის გათვალისწინების გარეშეც, მიაჩნია, რომ მხოლოდ საქართველოში მყოფი მეუღლის ცხოვრების ფაქტი არ წარმოადგენს იმ საგამონაკლისო, განსაკუთრებულ გარემოებას, რომელიც ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს გადაწონიდა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება კანონიერია, მის შეცვლის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ლ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი