საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119002837391
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №129აპ-20 ქ. თბილისი
ა–ი თ., 129აპ-20 19 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
201. წლის .. დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. თბილისში, ე. წ. ...... ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. ა–მა მეუღლეს, ფ. ა–ას მუშტი დაარტყა მარჯვენა ყურის არეში და წიხლი ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში, რა დროსაც ფ. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
201. წლის .. დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ის .... მასივის .... კვარტლის N.. კორპუსში მდებარე ბინა N-ში, თ. ა–მა არასრულწლოვანი შვილის - რ. ა–ის თანდასწრებით, მეუღლეს, ფ. ა–ას ხელები მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ფ. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
201. წლის ... დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, ..... .. მასივის მე... კვარტლის N.. კორპუსში მდებარე ბინა N-ში, თ. ა. მეუღლეს, ფ. ა–ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ფ. ა–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით თ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა თ. ა–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
გამართლებულ თ. ა–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა ფ. ა–მა და მოწმე რ. ა–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის -მეუღლისა და მამის - თ. ა–ის წინააღმდეგ.
9. რაც შეეხება ფ. ა–ას განცხადებას, რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას, ასევე შემაკავებელ ორდერს, ფ. ა–ას დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებასა და გამომძიებელ მ. ტ–ის ჩვენებას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ისინი არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. მოწმე მ. ტ–ის ჩვენებით დადასტურებულია მხოლოდ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და იგი არ წარმოადგენს თ. ა–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველ პირს.
10. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თ. ა–ს დანაშაული რომ არ ჩაედინა ფ. ა. არც პოლიციის ორგანოს მიმართავდა დასახმარებლად, არც შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოითხოვდა და დაზარალებულად ცნობის დროსაც გამოთქვამდა პრეტენზიას ან შენიშვნას. კასატორის ამგვარი მოსაზრება აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე.
11. რაც შეეხება კასატორების აპელირებას მოწმეების - ნ. ნ–ას, ნ. ყ. ყ–სა და ს. ი–ას ჩვენებებზე, რომ ვინაიდან მათ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები შეცვალეს თ. ა–სათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მათ მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საპროცესო კანონმდებლობის ამგვარი დანაწესი მტკიცებულებით საფუძველს აცლის მოწმეთა მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას (იგულისხმება მოცემული შემთხვევა) და შესაბამისად, მათზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. ეს არ არის ადვილი ამოცანა გამოცდილი სამართალდამცავი პირებისთვისაც კი, თუმცა გამოწვევა დაუძლეველი ხდება მსხვერპლისთვის, რომელმაც თავად უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და ამავდროულად, განაგრძოს მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მისგან ანგარიშსწორების შიშში და მასზე ფინანსურად დამოკიდებულმა (იხ. Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019).
13. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას“, ამიტომ „ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება№766აპ-19).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19).
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე. ამიტომ, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, მით უმეტეს, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანია, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა დაცულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება და წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე№628აპ-19).
16. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
17.სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე