საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.05.2020
საქმის ნომერი
2კ-424აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #110100118002566941

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №424აპ-19 ქ. თბილისი

კ–ი ზ., 424აპ-19 15 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) და მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლიდან, შ. კ. ო–ი ქორწინებაში იმყოფება ზ. კ–თან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ. ზ–ში, ...... ქუჩა, .... შესახვევი, N...-ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - ე. კ–ი (დაბ....) და დ. კ–ი (დაბ....). 2017 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია) 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ზ. კ–ი მეუღლეს - შ. კ. ო–ის, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ. კ. ო–ი განიცდიდა ტანჯვას.

2018 წლის აპრილში, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ. ზ–ში, ...... ქუჩა, პირველი შესახვევი, N....-ში, სახლში ყოფნისას, ზ. კ–მა ბავშვებისათვის საკვების მომზადების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - შ. კ. ო–ის ძლიერად მოქაჩა თმა, რის შემდეგაც ზურგის არეში ერთხელ დაარტყა ხელი ძლიერად, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ე. კ–ი (დაბ....) და დ. კ–ი (დაბ....). ზ. კ–ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ. კ. ო–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენით ზ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

გამართლებულ ზ. კ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ზ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა შ. კ. ო–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ზ. კ–ის წინააღმდეგ, ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მცირეწლოვანმა მოწმე ე. კ–მა. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც რომელიც დაადასტურებდა ზ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებას (ორივე ეპიზოდი). კერძოდ, მოწმე ჯ. კ–ის ჩვენება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და ირიბ ჩვენებას, ასევე ირიბი მტკიცებულებებია საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა - პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ არ დაუნახავთ ზ. კ–ის მიერ განხორციელებული ძალადობა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. ეს არ არის ადვილი ამოცანა გამოცდილი სამართალდამცავი პირებისთვისაც კი, თუმცა გამოწვევა დაუძლეველი ხდება მსხვერპლისთვის, რომელმაც თავად უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და ამავდროულად, განაგრძოს მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მისგან ანგარიშსწორების შიშში და მასზე ფინანსურად დამოკიდებულმა (იხ. Volodina v Russia, ECtHR, no.41261/17, §82, 09/07/2019).

10. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ „ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19).

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე. ამიტომ, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, მით უმეტეს, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანია, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება და წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №628აპ-19).

13. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

14.საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე