საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #120100118002578269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №445აპ-19 ქ. თბილისი
ჩ–ი ვ., 445აპ-19 13 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. ჩ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის მაისის შუა რიცხვებში ა–ის რაიონის სოფელ ....... მცხოვრებმა ვ. ჩ–მა არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით საცხოვრებელი სახლის ეზოში შუადღის საათებზე არასრულწლოვან შვილიშვილს - 2002 წლის 21 ივნისს დაბადებულ მ. გ–ეს სახლში დაგვიანებით დაბრუნების გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელის დარტყმით თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მ. გ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით ვ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის.
გამართლებულს განემარტა, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ვ. ჩ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ. გ–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა დ. მ–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 31 მაისს ახალციხის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე მან პირადად შეამოწმა 20.. წელს დაბადებული, ....... რაიონის სოფელ ..... მცხოვრები, მ. გ–ე. როგორც საქმის მასალებშია მითითებული, 2018 წლის მაისში ა–ს რაიონის სოფელ ..... მცხოვრებ მ. გ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა პაპამ ვ. ჩ–მა თავისი საცხოვრებელ სახლის ეზოში. დასკვნის თანახმად, მოქალაქე მ. გ–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა. სუბიექტური მონაცემებით მას არაფერი არ აწუხებდა.
9. მოწმე მ. ჯ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ........... სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში და არის სოციალური მუშაკი. მ. და თ. გ–ები ოჯახში მომხდარი კონფლიქტი გამო არიან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაყვანილები 2018 წლის 30 მაისიდან და შემდეგ უკვე რეგულარულ მინდობით აღზრდაში. მოცემული სისხლის სამართლის საქმის დროს იგი იყო არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენელი.
10. დაზარალებულ მ. გ–ის განმარტებით, ბაბუას მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია, უბრალოდ ხმამაღალი ტონით მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზდა და დარეკა 112-ში, ასევე თ. გ–ის განმარტებით, ის და მისი და - მ. გ–ე იმყოფებოდნენ ერთად, როდესაც ბაბუამ ვ. ჩ–მა დაგვიანების გამო უსაყვედურა მის დას, რომელიც აღელდა და გავიდა მეორე ოთახში, ბაბუის მხრიდან არანაირ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
11. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით არ დაადასტურა ვ. ჩ–ის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტი. უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ვ. ჩ–ის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. მოწმე მ. ჯ–ს შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვს მ. გ–გან, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყო რაიმე სახის ძალადობა ბაბუის მხრიდან.
12. სასამართლო ითვალისწინებს რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ყოველთვის შეიძლება არ ტოვებდეს ხილულ კვალს, რის გამოც შეიძლება არ აისახოს გარეგნული დათვალიერებისოქმში და არ იყოს შესამჩნევი მოწმეებისთვის. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება და დაზიანებით გამოწვეული ტკივილის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით (მაგალიტად, ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმის ან დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებებით და ა.შ.). მოცემულ შემთხვევაში საქმეში არც დაზარალებულის და არც მოწმეების ჩვენებებით, ასევე არც ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. ეს არ არის ადვილი ამოცანა გამოცდილი სამართალდამცავი პირებისთვისაც კი, თუმცა გამოწვევა დაუძლეველი ხდება მსხვერპლისთვის, რომელმაც თავად უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და ამავდროულად, განაგრძოს მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მისგან ანგარიშსწორების შიშში და მასზე ფინანსურად დამოკიდებულმა (იხ. Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019).
14. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ „ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება№766აპ-19).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19).
16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე. ამიტომ, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, მით უმეტეს, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანია, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება და წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე№628აპ-19).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
18.საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე