საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2020
საქმის ნომერი
2კ-148აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002579624

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №148აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი გ., 148აპ-20 7ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჟვანია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანად, კერძოდ: გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს, - დაბადებულს ..... წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 10:35 საათზე, ქ. თ......ში, ..... N....-ში მდებარე გ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, მეუღლეებს - ნ. გ–სა და გ. ლ–ს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც გ. ლ–მ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ. მ–მა მოუწოდა გოჩა ლ–ს, შეეწყვიტა შეურაცხყოფა და დაწყნარებულიყო, რაზეც ეს უკანასკნელი აგრესიულად განეწყო გ. მ–ის მიმართ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ. მ–მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, ხელთ არსებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ. ლ–ს მიაყენა გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით:

გ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 124-ე მუხლზე.

გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 23 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა გ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გ. მ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს - ქ.თ–ში, ...... ქუჩა N.., A ბლოკი, საერთო ფართი: 627.046 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........., რომელიც დაყადაღებულია 50000 ლარის ნაწილში.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 10:35 საათზე, ქ. თ........ში, ...... N....-ში მდებარე გ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, მეუღლეებს - ნ. გ–სა და გ. ლ–ს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც გ. ლ–მ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ. მ–მა მოუწოდა გ. ლ–ს, შეეწყვიტა შეურაცხყოფა და დაწყნარებულიყო, რაზეც ეს უკანასკნელი აგრესიულად განეწყო გ. მ–ის მიმართ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან გ. მ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული აქვს და მისთვის თავის არეში ერთი დარტყმაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, შეშინების მიზნით, სეიფიდან გამოიტანა მის სახელზე რეგისტირებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულა მიმართული ჰქონდა იატაკისკენ, დაზარალებულის შესაშინებლად და მოუწოდებდა გ. ლ–ს, წასულიყო და თავი დაენებებინა მისთვის. თუმცა ამ დროს, იარაღის წართმევის მიზნით, დაზარალებულის მეუღლემ - ნ. გ–მ მას ხელზე მოჰკიდა ხელი, მოქაჩა და სწორედ მისი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მოხდა იარაღიდან გასროლა. გასროლილი ტყვია მოხვდა გ. ლ–ს მუცლის არეში, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეწინაააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო არ არის დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N52აპ-17); არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

8.სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი იგივე მოტივებით და მიზნით გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას კასატორის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან ბრალდების მხარის არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივარში არ აქვს მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. ზეაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე