საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.07.2020
საქმის ნომერი
2კ-211აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100116001289644

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №211აპ-20 ქ. თბილისი

რ–ე თ., 211აპ-20 13 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ–ისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

- მსჯავრდებულ თ. რ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. შ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. რ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი საფუძვლებით:

საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე, მათ შორის - გ. წ–ი და ნ. კ–ე არიან ირიბი მოწმეები, ვინაიდან მათ ჩხუბის მომენტი არ დაუნახავთ და არც ის იციან, თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს დაზიანებები; უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს პირის ამოცნობის ოქმი, რადგან სასამართლო სხდომაზე დაზარალებული არ დაკითხულა და, შესაბამისად, არ დასტურდება ამოცნობის ოქმის სისწორე; თ. რ–ს სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, თუმცა მას სამედიცინო ექსპეტიზა ჩაუტარდა დაგვიანებით, ხოლო ექსპერტმა არასრულყოფილად დაათვალიერა, რის გამოც მის სხეულზე დაზიანებები აღარ აღმოჩნდა. ამდენად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული; ვინაიდან დაზარალებული სასამართლოში ვერ დაიკითხა, მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. რ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

- ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას დაზარალებულ მ. ტ–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შეფასების ნაწილში, კერძოდ: ექსპერტი არის ის პირი, ვისაც გააჩნია აღნიშნულ სფეროში სპეციალური ცოდნა და სასამართლოს მის მიერ გაცემული დასკვნის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნდა. მითითებული ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ დაზარალებულ მ. ტ–სათვის შუბლის მიდამოში მიყენებული ნახეთქი ჭრილობა (სისხლმდინარე) წარმოადგენს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. რ–ს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, თ–ში, ............, ჰიპერმარკეტ „.....“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. რ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ....... მოქალაქე მ. ტ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა თავში, რითაც მას მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენით თ. რ–ის, - დაბადებულის ..... წელს, -ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

თ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. რ–მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

თ. რ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ........, ჰიპერმარკეტ „..............“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. რ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ...... მოქალაქე მ. ტ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა თავში, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა და მსჯავრდებულ თ. რ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ–მა.

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. რ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. რ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას თ. რ–ის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ტ–ის ჩვენებით, რომელიც სასამართლოში გამოქვეყნდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და რომლის არგაზიარების რაიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, ასევე მოწმეების - გ. წ–სა და ნ. კ–ის პირდაპირი ჩვენებებით, რომელთაგან გ. წ–ი უშუალოდ შეესწრო მომხდარი შემთხვევის ფაქტს, ხოლო ნ. კ–მ კი პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულს, მოწმეების - მ. მ–ისა და ჭ. ღ–ის ჩვენებებით, დაზარალებულ მ. ტ–ის მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ. რ–ის ბრალეულობა მსჯავრად შერაცხულ ქმედებაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს.

9. ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოთხოვნა თ. რ–ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, რის დამადასტურებლადაც ბრალდების მხარე აპელირებს დაზარალებულ მ. ტ–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „...დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნაან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა და, შესაბამისად, მოწმის სახით არ დაკითხულა დასკვნის გამცემი ექსპერტი ე. ჭ–ა, რის გამოც მხარეებს არ მიეცათ მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა, იმ მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე შეაფასა მან დაზარალებულისათვის შუბლის არეში მიყენებული ჭრილობა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებად მისი ხანმოკლე მოშლით. დასკვნაში მითითებული გარემოებები ჭრილობის ზომებისა და ხარისხის თაობაზე, გარდა იმისა, რომ არ არის გამყარებული სხვა რომელიმე მტკიცებულებით, ამასთან, ეწინააღმდეგება მოწმე ნ. კ–ის ჩვენებას, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულს (დაუმუშავა ჭრილობები) და რომლის განმარტებითაც, მისთვის მიყენებული დაზიანებები, მათ შორის - შუბლის არეში, დამატებით ჩარევას ან გაკერვას არ საჭიროებდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა თ. რ–ს მსჯავრი დაედოს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ–ისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი