დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.07.2020
საქმის ნომერი
2კ-31-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№31I-20 ქ. თბილისი

ს-ი ა-ი, 31I-20 27 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს გამოტანილ იქნა დადგენილება ა. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

2. 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცხადდა ა. ს-ის ძებნა.

3. 2018 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა ა. ს-ის საერთაშორისო ძებნა.

4. 2018 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ქ. ორიოლის ოლქის შსს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის შს განყოფილებამ გამოიტანა დაზუსტებული დადგენილება ა. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომლის თანახმად, ა. ს-ს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5. 2018 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ქ. ორიოლის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ა. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა 2 თვით.

6. 2018 წლის 19 დეკემბრიდან ა. ს-ი იძებნება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით.

7. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ა. ს-ის მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

პირველი ეპიზოდი:

ა. ს-მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დასაუფლებლად შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, კერძოდ: იგი წინასწარ შეუთანხმდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, ასევე შექმნა ვებგვერდები: „--------------------, სადაც განათავსა განზრახ არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ა. ს-ი და მისი თანამზრახველი ახდენდნენ „Xiaomi-ს“, „Huawei-ისა“ და „Meizu-ს“ ფირმების მობილური ტელეფონების რეალიზაციას. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ა. ს-ი და და მისი თანამზრახველი მოქალაქეებისაგან იღებდნენ შეკვეთებს მობილური ტელეფონების შესყიდვის თაობაზე დისტანციურად, ა. ს-ის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ანაზღაურებინებდნენ მათ მობილური ტელეფონების საფასურს, რის შემდეგაც შეძენილ პროდუქტს არ გადასცემდნენ მოქალაქეებს და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ დაზარალებულების კუთვნილ ფულად თანხებს.

აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში 2017 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში ა. ს-მა და მისმა თანამზრახველმა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 21 დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხა, ჯამურად – 187 012 რუბლი.

მეორე ეპიზოდი:

გარდა აღნიშნულისა, ა. ს-ი, ა. მ-ი და დ. პ-ი წინასწარ შეკავშირდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დასაუფლებლად. ა. ს-მა, ჯგუფის სხვა წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შექმნა ვებგვერდები: „----------, სადაც განათავსა განზრახ არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს, ა. ს-ი და მისი თანამზრახველები ახდენდნენ „Xiaomi-ის“ ფირმის სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონების რეალიზაციას. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ა. ს-ი და მისი თანამზრახველები მოქალაქეებისაგან იღებდნენ შეკვეთებს მობილური ტელეფონების შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც სხვადასხვა ნივთს, ძირითადად, საპნის ნაჭრებს, ათავსებდნენ ტელეფონის ყუთში და ამანათის სახით, ფოსტის მეშვეობით უგზავნიდნენ მოქალაქეებს შესაბამის საფოსტო ოფისებში. ამანათის მისაღებად მისული მოქალაქეები ამანათის ფაქტობრივად მიღებამდე იხდიდნენ მობილური ტელეფონის საფასურს, რომელიც საბოლოოდ ირიცხებოდა ა. ს-ის სარგებლობაში არსებულ ანგარიშზე. თანხის გადახდის შემდეგ მოქალაქეებს გადაეცემოდათ ამანათები, რომელთა გახსნის შემდეგაც მათთვის ცნობილი ხდებოდა, რომ ამანათში მათ მიერ შეკვეთილი მობილური ტელეფონის ნაცვლად მოთავსებული იყო სხვა ნივთი, ძირითადად – საპნის ნაჭრები.

აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში 2017 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ა. ს-მა და მისმა თანამზრახველებმა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 18 დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხა, ჯამურად – 146 850 რუბლი.

8. აღწერილი ქმედებები დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

9. ა. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

10. 2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს-ი.

11. 2018 წლის 30 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ს-ს შეეფარდა გირაო – 25 000 ლარი და იმავე დღეს გათავისუფლდა პატიმრობიდან.

12. 2019 წლის 12 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურორის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

13. 2019 წლის 1 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

14. 2020 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართ პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ა. ს-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის ქ. ორიოლის ოლქის შსს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის შს განყოფილების მიერ გამოტანილ ა. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაზუსტებულ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 2 ეპიზოდი).

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ს-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის ქ. ორიოლის ოლქის შსს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის შს განყოფილების მიერ გამოტანილ ა. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაზუსტებულ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 2 ეპიზოდი).

16. კასატორი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში არ იცავენ საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს და ადამიანებს დევნიან არა მარტო პოლიტიკური, არამედ – რელიგიური ნიშნითაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებას და ა. ს-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

17. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 28 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ა. ს-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

6. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ა. ს-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხის არსებობის შესახებ და ასეთი ვითარება არც საქმის მასალებიდან იკვეთება, კასატორის ზოგადი განცხადება უფლებების დარღვევის რისკის არსებობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ექსტრადიციის განხორციელებაზე უარის თქმისთვის.

7. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ა. ს-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ რუსეთის ფედერაციაში მის მიმართ აშკარად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა ორგანომ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ს-ი ისარგებლებს დაცვის უფლებით, მათ შორის – ადვოკატის მომსახურებით. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწოდებია რაიმე მტკიცებულება მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში არსებული სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასასაბუთებლად. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

8. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. ს-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, რადგან იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ა. ს-ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და არ წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელ პირს.

9. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ ა. ს-ის შესახებ მოიძია ინფორმაცია ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემებში, რომლებშიც მის მიმართ დევნის ან/და მისი უფლებების დარღვევის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

10. დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა ჩადენისთვისაც ა. ს-ი მსჯავრდებულია რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ა. ს-ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩადენილია 2017 წლის მაისის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით გასული არ არის. რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით არის გასული.

11. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ა. ს-მა გასაუბრებისას განმარტა, საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია, რუსეთის ფედერაციაში კი ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები – მშობლები, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. ასეთ ვითარებაში ა. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ს-ის ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის ქ. ორიოლის ოლქის შსს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის შს განყოფილების მიერ გამოტანილ ა. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაზუსტებულ დადგენილებაში და დასჯადია

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 2 ეპიზოდი), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი