განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115789845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№59აპ-20 ქ. თბილისი
კ. ი., 59აპ-20 2 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ი. კ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად; დაზარალებული ვ. ბ. გარდაცვლილია. სასამართლოში გამოქვეყნდა დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ დასტურდება მოწმეების: ვ. ც-ს, მ. ფ-ს, მ. და ქ. გ-ების, ლ. თ-სა და მ. მ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური და ბიოლოგი. ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც საკმარისია ი. კ-ს მსჯავრდებისათვის.
2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ი. კ-ს (დაბადებულს 19.. წლის .. იანვარს) ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 29 იანვარს ი. კ., მეტსახელად „კ.“, დაახლოებით 19:00 საათზე მივიდა ... დასახლებაში მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ, ა-დან დევნილ ნათესავ მ. გ-სთან, რომელთანაც ბინაში იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის დედა - მ. ფ., თავად მ. გ., მისი მეზობელი ვ. ც. და ვ. ბ.. მათ ივახშმეს და მ. ფ-მ, ვ. ბ-მ და ი. კ-მ მიიღეს ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი - არაყი „პარლამენტი“. დაახლოებით 21:00 საათზე ი. კ-მ გადაწყვიტა სახლში წასვლა და მ. გ-ს ბინიდან იგი გამოაცილეს ვ. ც-მ და ვ. ბ-მ. გზაში ვ. ბ. და ი. კ. შელაპარაკდნენ და ვ. ბ-მ ი. კ-ს ორჯერ დაარტყა თავი სახის არეში. ვ. ც-მ ისინი გააშველა, რის შემდეგაც ი. კ. წავიდა, ხოლო ვ. ც. და ვ. ბ. დაბრუნდნენ მ. გ-სთან სახლში, სადაც გვიანობამდე უყურებდნენ ტელევიზორს. დაახლოებით 01:30 საათზე ვ. ბ. წავიდა თავის ბინაში და დაიძინა. ზემოაღნიშნული ჩხუბით განაწყენებული ი. კ. დაახლოებით 03:00 საათზე დაბრუნდა უკან, შეიპარა ვ. ბ-ს ბინაში და შურისძიების მოტივითა და მკვლელობის განზრახვით გულმკერდის მარცხენა არეში სამჯერ დაარტყა ვ. ბ-ს ე.წ „სპიცი“ - ლითონის წვრილი ღერო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ. ბ. მეზობელმა გადაიყვანა ქალაქ თბილისის №.. კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებით შეუნარჩუნეს სიცოცხლე.
3. ი. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით ი. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. კ-სთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ვ. ბ-ს, მოწმეების: მ. გ-ს, მ. ფ-ს, ვ. ც-ს, ქ. გ-ს, ლ. თ-ს, მ. მ-სა და მ. ფ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის ტანსაცმლის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმი, სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური და ბიოლოგი. ექსპერტიზის დასკვნები.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იმსჯელა, რამდენად საკმარისი იყო მათი ერთობლიობა ი. კ-სათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადო ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ვ. ბ-ს ჩვენება შეესაბამებოდა და საქმის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ზედმიწევნით თანხვდენილი იყო სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკურ და ბიოლოგი. ექსპერტიზების დასკვნებთან.
6. სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცეულებები ერთობლივად და სათანადოდ არ იმსჯელა, მასზედ რომ დაზარალებულ ვ. ბ-ს ჩვენება, რომლის მიხედვით, ი. კ-მ ლითონის წვრილი ღეროთი (ე.წ. ,,სპიცით“) მიაყენა დაზიანებები, თვალნათლივ დასტურდებოდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ვ. ბ-ს დაუდგინდა ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა არეში, მარცხენა მხრისა და წინამხრის არეში, რომლებიც მიყენებული იყო მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დაზარალებულის ჯემპრზე გამოკვეთილია მრავლობითი დაზიანებები, რომელთა ნაწილი განვითარებული იყო სწორედ მჩხვლეტავი საგნის (საგნების) მოქმედებით; დაზარალებულის ჩვენება, რომ მან თავდაცვის მიზნით მოუქნია ხელი ი. კ-ს, რომელიც თავდამსხმელმა აიცილა და ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და ასევე, ი. კ-ს გაქცევამდე მან ესროლა ,,დიქტის“ ნაჭერი, დასტურდებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგებით, რომლის მიხედვით ვ. ბ-ს ბინაში ნანახი იქნა ჩამტვრეული ფანჯარა და აღმოჩენილი იქნა ,,დიქტის“ ნაჭერი, მოწითალო ფერის სისხლის ლაქებით.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ერთადერთი, რომელიც მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან ი. კ-ს სავარაუდო კავშირზე, არის თავად დაზარალებული ვ. ბ., რომლის დაკითხვა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით არ მომხდარა და მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება დაზარალებულის გარდაცვალების გამო საჯაროდ იქნა წაკითხული. სხვა მტკიცებულებებიდან ნაწილი არის ირიბი (მაგ: მოწმეები, რომლებიც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ ვ. ბ.საგან), ხოლო ნაწილი - არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად (მაგ: სასმართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის, თუმცა არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი შორს არის იმ აზრისგან, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, ცალკე აღებული, უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მტკიცებულებითი წონა მცირდება, ვინაიდან მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას.
8.
8. სასამართლოში წარმოდგენილ თითოეულ მტკიცებულებასთან მიმართებით არსებობს გონივრული მოლოდინი, მტკიცების საგანთან (რომელშიც მოიაზრება: მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებანი და დამდგარი შედეგი, ქმედების ობიექტური (მიზეზობრივი) და სუბიექტური (მოტივი, განზრახვა) კავშირი ამ შედეგთან,) მიმართებით, რომელი გარემოება შეიძლება დაადასტუროს, უარყოს, საეჭვო გახადოს ან გამორიცხოს ამ მტკიცებულებამ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომ მოცემულ საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად და მიაჩნია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მკვლელობის მცდელობის საქმეში არა თუ შეიცავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას საქმის ძირითად და არსებით გარემოებებთან მიმართებით, არამედ მსხვერპლისათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაციის, რაოდენობის, ხასიათის, ხარისხისა და ხანდაზმულობის დადგენით დიდწილად განაპირობებს დანაშაულის კვალიფიკაციასა და ქმედების სწორ სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, ცალსახად გადაჭარბებულია სააპელაციო სასამართლოს მოლოდინი, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი დამნაშავის იდენტიფიცირება, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დაზარალებულისათვის მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, ხოლო თავად ვ. ბ.ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფიზიკო-ტექნიკური და ბიოლოგი. ექსპერტიზების დასკვნებით, ერთობლივად - ქმედების ფაქტობრივი გარემოებები და მისი შესაძლო ჩამდენი პირის ვინაობა.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურდღება არ გაამახვილა მოწმეების: ვ. ც-ს, მ. გ-ს, მ. ფ-ს, ქ. გ-ს, ლ. თ-სა და მ. მ-ს ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გარდა დაზარალებულ ვ. ბ-ს გამოქვეყნებული ჩვენებისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საბრალდებო დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება, რადგან არის ირიბი, ვინაიდან, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვ. ბ-სა და ი. კ-ს შორის ორჯერ მოხდა დაპირისპირება: პირველად, როდესაც ქუჩაში შელაპარაკებისას ვ. ბ. ხელით შეეხო ი. კ-ს, რომელიც დაემუქრა ამ უკანასკნელს, რომ ,,დაშტირავდა“ (Штырь (რუს) - წვრილი ლითონის ღერო) და მეორედ - როდესაც იმავე ღამეს ვ. ბ-ს სახლში შეპარვით მუქარა ზედმიწევნით შესრულდა. ამდენად, წარმოუდგენელია საქმის გარემოებების ობიექტურად დადგენა და განვითარებული მოვლენების მთლიანი სურათის სრულყოფილად აღქმა დაპირისპირების ამ ორივე ეპიზოდის ერთობლივად შეფასების გარეშე, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ერთი შემთხვევა მეორის წინაპირობაა, ხოლო მეორე - პირველის გაგრძელება. ი. კ.სა და ვ. ბ.ს პირველი კონფლიქტის თვითმხილველი მოწმეა ვ. ც., რომლის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენებით დგინდებოდა დანაშაულის შესაძლო მოტივი (შურისძიება), დამნაშავის შესაძლო მიზანი (მუქარისამებრ, სწორედ ლითონის ღეროთი (ე.წ. ,,სპიცით”) მიეყენებინა ჭრილობები დაზარალებულისათვის) და დანაშაულის წინაპირობები, ხოლო მოწმეების: მ. გ-ს, მ. ფ-ს, ქ. გ-ს, ლ. თ-სა და მ. მ-ს ჩვენებებით დგინდებოდა ის გარემოება, თუ რა ზიანი მიადგა ვ. ბ-ს დანაშაულის შედეგად, რა მდგომარეობაში იყო იგი შემთხვევის ღამეს და რას განმარტავდა იგი მომხდარის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ პირველად მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ი. კ. შურისძიების საკმაოდ სპეციფიკური ფორმით დაემუქრა ვ. ბ-ს, უთხრა, რომ ამას ასე არ დატოვებდა და აუცილებლად „დაშტირავდა“, რაც იმავე ღამეს ზედმიწევნით აღსრულდა კიდეც და ვ. ბ-ს ლითონის ღეროთი (ე.წ. ,,სპიცით“) მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო არაერთი ჭრილობა.
10. სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ ყველა ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება არის ირიბი და შუძლებელია მათ საფუძველზე სასამართლომ უტყუარად დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს, არასწორია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინა ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გაემიჯნა, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენდა ირიბს და შემდეგ გადაეწყვიტა, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ცალმხრივ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოწმეების: ვ. ც-ს, მ. გ-ს, მ. ფ-ს, ქ. გ-ს, ლ. თ-სა და მ. მ-ს ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების ნაწილი მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც მათთვის სხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, თუმცა მათი მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და მოვლენებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს. ზემოაღნიშნული ჩვენებები, ერთი მხრივ, ავსებს საქმეზე არსებულ სხვა პირდაპირ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს მათ გაგრძელებას. ასე, მაგალითად: მოწმე ვ. ც. ვ. ბ-სა და ი. კ-ს პირველი დაპირისპირების მოწმეა, რომელსაც თავად შეესწრო; ამავე კონფლიქტს ადასტურებს მოწმე მ. მ., რომელმაც მოკამათეთა შორის შეიცნო თავისი მეზობელი ვ. ბ.; მოწმეების მ. გ-ს, მ. ფ-სა და ქ. გ-ს ჩვენებებით დგინდება შემთხვევის დღეს მათ ოჯახში ვ. ბ-სა და ი. კ-ს შეხვედრის ფაქტი და ასევე, ირკვევა დაჭრილი დაზარალებულის მდგომარეობა, რომელიც თავდასხმის შემდეგ მეზობლებისგან ითხოვდა შველას და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულში ამხელდა ი. კ-ს; დაჭრილი ვ. ბ-ს ჰოსპიტალიზაციის დეტალები აღწერა თავის ჩვენებაში მოწმე ლ. თ-მ, რომლის შემსწრეც იგი გახდა შემთხვევის ღამეს. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ვ. ბ-სა და ი. კ-ს შორის კონფლიქტის წინაპირობებზე, მათ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ი. კ-ს კონკრეტულ მუქარაზე, რაც მალევე ზედმიწევნით აღსრულდა, აგრეთვე იმ ზიანთან მიმართებით, რაც დაზარალებულს მიადგა თავდასხმის შედეგად, არაფრით შეიძლება შეფასდეს როგორც ირიბი ჩვენებები.
11. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები ვერ იქნებოდნენ ვ. ბ-ზე უშუალოდ თავდასხმის შემსწრე პირები, ვინაიდან დადგენილია, რომ დანაშაული ჩადენილია გვიან ღამით, დაზარალებულის სახლში შეპარვით, რისი თვითმხილველებიც იყვნენ მხოლოდ თავდამსხმელი და დაზარალებული და ამდენად, სასამართლოს, ამ მტკიცებულებების ბუნებიდან გამომდინარე არც უნდა ჰქონოდა იმაზე მეტის დადგენის მოლოდინი, ვიდრე ეს თავად ამ მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარეობს. სასამართლო ზემოაღნიშნულ ჩვენებებს მიიჩნევს საქმისთვის მნიშვნელოვან სამხილებად, რომელთა ერთობლივი ანალიზი, დაზარალებულ ვ. ბ.ს ჩვენებასთან, ექსპერტიზის დასკვნებსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან ერთად, იძლეოდა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების მთლიანობაში აღქმისა და საქმეზე ობიექტური რეალობის დადგენის შესაძლებლობას.
12. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას, რომლის საფუძველზეც არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის საჩივარი, იქიდან გამომდინარეც, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო გამყარებული საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ი. კ-ს მსჯავრდებისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო პალატა დაზარალებულ ვ. ბ-ს გამოქვეყნებულ ჩვენებასთან მიმართებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე ,,ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს:
(i) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება;
(ii) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი;
(iii) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის -ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება N9154/10 საქმეზე Schatschaschwili v. Germany, [GC], §105-107).
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ვ. ბ. გარდაიცვალა და საკმარისი ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსებულიყო - სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის სამხილების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები; იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებული გარდაიცვალა და ობიექტურად ვერ მოხერხდებოდა მისი ჯვარედინი დაკითხვა, დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილისა და თვითმხილველების გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც თანხვდენილი იყო დაზარალებულის ჩვენებასთან და რომელიც დაცვის მხარემ უშუალოდ და ზეპირად გამოიკვლია; ყველა დანარჩენმა მოწმემ ჩვენება მისცა სასამართლო განხილვისას და მათი სარწმუნოობა ჯვარედინი დაკითხვით შემოწმდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულ ვ. ბ.ს ჩვენება არ ყოფილა არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მტკიცეულება, ვინაიდან ი. კ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენებისა, სასამართლოს წარედგინა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური და ბიოლოგი. ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეების: ვ. ც-ს, მ. გ-ს, მ. ფ-ს, ქ. გ-ს, ლ. თ-სა და მ. მ-ს ჩვენებები, რომელთა ერთობლიობა სათანადო გულისხმიერებით არ შეუფასებია სააპელაციო სასამართლოს.
15. რაც შეეხება ბრალად წარდგენილ ქმედებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს:
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლი:
ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი:
ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი…
16. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ სიცოცხლის განზრახ და უკანონო ხელყოფისგან (ნეგატი. ვალდებულება) და ასევე გაატარონ შესაბამისი ზომები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფთა სიცოცხლის დასაცავად (პოზიტი. ვალდებულება). ამდენად, უმნიშვნელოვანესია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული არცერთი დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი და ყველა საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება, მიუხედავად იმისა, გასულია თუ არა ხანგრძლივი დრო ქმედების ჩადენიდან, ცოცხალია თუ არა დაზარალებული და აცხადებს თუ არა იგი პრეტენზიას.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტი. ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ. მაგალითად, Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, § 306, ECHR 2011, Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, § 242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან, უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით; ამავე კოდექსის 19-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით; მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.
19. ამდენად, საკასაციო პალტა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ ი. კ.ს ბრალდების საქმის განხილვისას სათანადოდ არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მე-18, მე-19 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის განხილვის შედეგზე კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის დადგენის თვალსაზრისით, რაც ამავე კოდექსის 562-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის გმამართლებელი განაჩენი ი. კ.ს მიმართ უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც ჯეროვნად უნდა გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა გარემოება. ამისთვის სააპელაციო სასამართლომ საჭიროების შემთხვევაში ხელახლა უნდა დაკითხოს მოწმეები და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედებებიც, რის შედეგადაც მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის გმამართლებელი განაჩენი ი. კ.ს მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვასაძე
მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი
მ.გაბინაშვილი