საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002451131
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №376აპ.-20 12 ნოემბერი, 2020 წელი
კ-ი ს. , 376აპ.-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),თამარ ზამბახიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საპროცესო მოქმედებები:
1.1 ს. კ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
1.2 2018 წლის 5 თებერვალს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა, ხოლო პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 თებერვლის 00:15 საათიდან.
1.3 2018 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ს. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
1.4 2018 წლის 1 ნოემბერს მსჯავრდებულ ს. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
1.5 თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 20 ნოემბერს დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2020 წლის 28 თებერვალს უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
1.6 2020 წლის 19 მარტს ადვოკატმა გ. ს-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1 2017 წლის 5 სექტემბერს ს. კ-მა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირა შპს „---“ (ს/კ ---), რომლის დირექტორს, დამფუძნებელსა და 100% წილის მფლობელს თვითონ წარმოადგენდა. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რეალურად საწარმოს შექმნა ატარებდა ფიქციურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისკენ.
2.2 ს. კ-მა სს „თიბისი ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა საწარმოს ანგარიშები და შპს „---“ დაარეგისტრირა „ინტერნეტბანკინგის“ მომხმარებლად.
2.3 2017 წლის 30 ოქტომბერს შპს „---“ სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ს. დ-მ (S. S. D. , მის: ---) ჩაურიცხა 999 940 აშშ დოლარი, თითქოს - საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა არარეზიდენტი მოქალაქის - ს. დ-ს მიმართ გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ დაუდგენელ ვითარებაში ჰაკერული გზით განხორციელებული თაღლითობა.
2.4 საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ს. კ-მა აღნიშნული თანხა დროის უმოკლეს შუალედში დაანაწევრა და სამ ტრანზაქციად გადარიცხა ჰონგ კონგში მდებარე ბანკში, კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე, თითქოს - საკონტრაქტო დანიშნულებით, კერძოდ:
- 2017 წლის 1 ნოემბერს - 290 000 აშშ დოლარი;
- 2017 წლის 2 ნოემბერს - 298 500 აშშ დოლარი;
- 2017 წლის 6 ნოემბერს - 409 750 აშშ დოლარი.
2.5 აღნიშნული მოქმედებით, ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება, რეალური მესაკუთრე და ს. კ-ი, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.
2.6 2017 წლის 21 დეკემბერს სს „თიბისი ბანკმა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა 999 940 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რაც ბანკმა ვერ შეასრულა, რადგან თანხა ს. კ-მა გადარიცხა ჰონგ კონგის მიმართულებით.
2.7 2018 წლის 29 იანვარს შპს „---“ სს „თიბისი ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე აშშ-ის მოქალაქის - დ. დ-ისგან (D. J.D.) ისევ ჩაერიცხა 200 000 აშშ დოლარი. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა დ. დ-ის მოტყუება, რა დროსაც იგი დაარწმუნეს, რომ აღნიშნულ თანხას რიცხავდა „სითი ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც მიიღებდა ორწლიან სადეპოზიტო სერტიფიკატს და საპროცენტო სარგებელს.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1 საკასაციო საჩივრის ავტორი - ადვოკატი გ. ს-ა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა არასრულად და ცალმხრივად, ხოლო განაჩენში მოყვანილი დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
3.2 ზემოაღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად კასატორი მიუთითებს, რომ განაჩენი გამოტანილია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მოპოვებული ს. დ-ა და დ. დ-ის დაკითხვის ოქმების საფუძველზე, კერძოდ, მათ არ განემარტათ უფლებები და მოვალეობები და არ გააფრთხილეს ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
3.3 კასატორის პოზიციით, ასევე უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის ჩვენებების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვის შესახებ, ვინაიდან ამოწურული არ იყო სასამართლოს წინაშე მათი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და დაცვის მხარეს შეეზღუდა უფლება, დაზარალებულებისთვის დაესვა კითხვები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
3.4 დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
3.5 სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ს. კ-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მის საქმიანობას წარმოადგენდა კომპანიების სათანადო წესით რეგისტრაცია და დამკვეთისთვის გადაცემა, შპს „---“ ინტერნეტბანკინგით არასდროს უსარგებლია და მისთვის ცნობილი არ იყო ირიცხებოდა თუ არა თანხები კომპანიის ანგარიშებზე. მსჯავრდებულის ჩვენება, დაცვის მხარის პოზიციით, სრულად შეესაბამება რუსეთის ფედერაციიდან სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებულ საგადასახადო სამსახურის ამონაწერს.
3.6 საკასაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველად ასევე მიუთითებს, რომ სსკ-ის 194-ე მუხლთან მიმართებით არ არსებობს თუნდაც ერთი არაპირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თანხა კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხა არა იმ დანიშნულებით, რაც გადარიცხვისას იყო მითითებული, არამედ მისი გადარიცხვის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივად მოპოვებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა და მისი წარმოშობის დამალვა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის დაკითხვის ოქმების კანონიერება
საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას, რომ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული, დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის დაკითხვისას არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, ვინაიდან მათ არ განემარტათ უფლება-მოვალეობები და არ გააფრთხილეს ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
საკასაციო პალატამ სრულად შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ და ითხოვა შპს ,,---“ ანგარიშზე გადმომრიცხავი ფიზიკური პირების (ს. დ-ა და დ. დ-ის) იდენტიფიკაცია და მათი დაკითხვა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 16 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებიდან მიიღო მოთხოვნილი მასალები, მათ შორის დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის დაკითხვის ოქმები.
დაზარალებულ დ. დ-ის დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ დაკითხვამდე მას გააცნეს მისი უფლებები და ვალდებულებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო ს. დ-ის დაკითხვის ოქმით ასევე ცალსახად ირკვევა, რომ დაკითხვის დაწყებამდე ს. დ-ის გააცნეს მისი უფლება-მოვალეობები.
რაც შეეხება ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დაზარალებულების გაფრთხილებას, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ ნორმიდან გამომდინარე, პირებს, რომლებმაც დაკითხეს ს. დ-ი და დ. დ-ი, არ ევალებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოქმედება.
ამდენად, ის ფაქტი, რომ დაზარალებულების დაკითხვის ოქმებში არ არის მითითება ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, ვერ გახდება მათი დაკითხვის ოქმების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების დაკითხვის ოქმები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
4.2 დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის ჩვენებების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას, რომ უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის ჩვენებების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც მხარე შუამდგომლობს მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის თაობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებისა და სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს იმ საფუძვლების დასაბუთებას, რომლებითაც მოითხოვება ჩვენების საჯაროდ წაკითხვა.
2018 წლის 10 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ გაკეთებული განმარტებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული მტკიცებულებების გამოკვლევის წესი შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
4.3 დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის ჩვენებების სანდოობა და სარწმუნოობა
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, სხდომაზე გამოქვეყნებული მტკიცებულებები, დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული გამოკითხვის ოქმები სრულად არის თანხვდენილი და შეესაბამება სასამართლოზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს - მათ შორის: ე.წ ,,სვიფტ შეტყობინებებსა“ და სს ,,თიბისი ბანკიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციას და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
4.4 დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ ის მტკიცებულება დაედოს, რომელიც სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულების - ს. დ-ა და დ. დ-ის ჩვენებები არ ყოფილა ს. კ-ის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება, ვინაიდან, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, განაჩენი ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებებს, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერს, სს ,,თიბისი ბანკიდან“ ამოღებულ დოკუმენტაციას, სს ,,თიბისი ბანკის” ამონაწერებსა და საგადასახადო დავალებებს, ე. წ. ,,სვიფტ შეტყობინებებს“, შპს ,,---“ და ს. დ-ის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
4.5 ს. კ-ის ჩვენების სანდოობა
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ს. კ-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი მოქმედება მხოლოდ შპს „---“ დარეგისტრირებით შემოიფარგლა და კომპანიის შემდგომი საქმიანობისა და თანხების გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
იურიდიული პირების საბანკო ოპერაციების წარმოების თაობაზე ხელშეკრულებით კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებულ ინფორმაციაში (მათ შორის - ტელეფონის ნომერი) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რადგან ყოველი ტრანზაქციის განხორციელებისას კლიენტი სმს შეტყობინების სახით იღებს კოდს, ხოლო ამ კოდის გამოყენების გარეშე ტრანზაქცია ვერ განხორციელდება. ასევე, კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს ბანკს იმ პირების შეცვლის შესახებ, რომლებიც უფლებამოსილი არიან, განკარგონ ანგარიში.
ს. კ-ს ინტერნეტბანკინგის საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის ან სხვა პირებისთვის გადაცემის შესახებ ბანკისთვის განცხადებით არ მიუმართავს, უფრო მეტიც: იდენტური ტელეფონის ნომერი ს. კ-მა, გარდა ბანკისა, ასევე საკონტაქტო ინფორმაციად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაში.
ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ს. კ-ი გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
4.6 სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებისთვის მტკიცებულებების საკმარისობა
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ 4.4 ქვეპუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ის გარემოებები, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ს. კ-მა ჩარიცხული თანხა (998 250 აშშ დოლარი) დროის უმოკლეს შუალედში დაანაწევრა და სამ ტრანზაქციად გადარიცხა ჰონგ კონგში მდებარე ბანკში, კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მიზნებისთვის არარელევანტურია იმის მტკიცება, გადაირიცხა თუ არა თანხა კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე იმ დანიშნულებით, რაც გადარიცხვისას იყო მითითებული.
4.7 საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დასაბუთების საკითხი
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს ამ მუხლით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველს.
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ კასატორს არ დაუსაბუთებია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ზ. ძლიერიშვილი