საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.09.2020
საქმის ნომერი
2კ-449აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119002861049

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №449აპ-20 ქ. თბილისი

ფ. გ., 449აპ-20 1 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მამუკა ვასაძე

შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ფ.-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ფ.-ს, - დაბადებულს …. წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ.-ის რაიონის სოფელ ძ.-ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური სასმელით მთვრალ გ. ფ.-ს სახის არეში ხელი დაარტყა ე. ც.-მ. მომხდარის გამო განაწყენებულმა გ. ფ.-მ შურისძიების მოტივით განიზრახა ე. ც.-ის განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით მან ხელის დარტყმით ძირს წააქცია ე. ც., რის შემდეგაც ეზოში მდგარი მაგიდიდან აიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ დაარტყა წაქცეულ ე. ც.-ს მუცლის არეში, რის შედეგადაც მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის სახით დაზარალებულს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. ადგილზე მყოფი ვ. ღ.-ის აქტიური ჩარევის შედეგად გ. ფ.-მ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ხოლო ე. ც. გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შედეგად სიკვდილს გადარჩა.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით:

გ. ფ.-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

გ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 14 იანვრიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ.-ის რაიონის სოფელ ძ.-ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური სასმელით მთვრალ გ. ფ.-ს სახის არეში ხელი დაარტყა ე. ც.-მ. მომხდარის გამო განაწყენებულმა გ. ფ.-მ, ე. ც.-ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახვით, ცივი იარაღი - დანა ერთხელ დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის სახით ე. ც.-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ფ.-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - გ. ფ.-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 განაჩენი), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

8. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. ფ.-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო სასამართლო გ. ფ.-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც მტკიცებულებებით დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთობლივად გამორიცხავს გ. ფ.-ის მხრიდან მკვლელობის განზრახვის არსებობას, კერძოდ:

9. საქმეზე დაკითხულ, დაზარალებულ ე. ც.-ის ჩვენებით დასტურდება, რომ იყო ნასვამი, გ.-მ დანა დაარტყა მუცლის არეში, იგი წაბარბაცდა უკანა მხარეს და დაეცა. ცდილობდა ადგომას, თუმცა ვერ დგებოდა. დაინახა, რომ ვ. ღ. ეძიძგილავებოდა გ.-ის. მას არ დაუნახავს, გ. კიდევ ცდილობდა თუ არა მისთვის დანის დარტყმას. მის ტანსაცმელზე შემთხვევამდეც არსებობდა დაზიანებები გახევისა და დასერვის სახით. მოწმე ვ. ღ.-ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ.-მ მოიქნია დანა და დაარტყა ე.-ს, რა დროსაც ე. წაიქცა. გ.-მ მეორედაც მოიქნია დანა, მაგრამ ის მივარდა და წაართვა დანა. მან მხოლოდ ერთი დარტყმის ფაქტი დაინახა. მოწმე თ. ღ.-ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ.-მ დანა მოიქნია ე.-ს მიმართულებით, რომელიც მას მოხვდა მარცხენა მხარეს და დაეცა ძირს. მეორედ მოუქნია თუ არა გ.-მ დანა ე.-ს, არ დაუნახავს. საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი მოწმეების ჩვენებებით კი დასტურდება, რომ ისინი უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირები არ არიან, იზლევიან ირიბ ჩვენებებს და აღნიშნავენ, რომ ვ. და თ. ღ.-ებისგან იციან, რომ გ. ფ.-მ დანით დაჭრა ე. ც. .

10. რაც შეეხება ე. ც.-ის სხეულზე არსებულ დაზიანებას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ე. ც.-ს დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, წვრილი ნაწლავის გაკერვა, ლაპარატომია. დრენირება. საქმეში წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე. ც.-ის ჯემპრს აღენიშნებოდა ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მითითებას დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მის ტანსაცმელს, მათ შორის ჯემპრს, აღნიშნული დაზიანებები, როგორც ხევის, ასევე ჭრის სახით ჰქონდა შემთხვევამდეც. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული „ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით“ წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ ვ. ღ.-ის ჩვენებით დასტურდება გ. ფ.-ის მიერ დანის მეორედ მოქნევა დაზარალებულის დაზიანების მიზნით, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) ვერ დასტურდება გ. ფ.-ის მხრიდან ე. ც.-ის მკვლელობის განზრახვის არსებობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ. ფ.-ის მიერ ე. ც.-სთვის მუცლის არეში დანის ერთხელ დარტყმა.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No.2) no.12686/03, §§37,41, ECtHR,20/03/2009), ხოლო „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე