საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010100114593439
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №152აპ-19 ქ. თბილისი
ზ–ე ლ.,152აპ-19 30 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. ზ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება ლ. ზ–ის მიერ სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაეყრდნო გამართლებულისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ორი დაინტერესებული მოწმის ჩვენებას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ზ–ს ბრალი ედება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში,რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ. ზ. მეტი შემოსავლისა და სარგებლის მიღების მიზნით, ქ. ..........ში, ზუბალაშვილის ქ. N..-ში მდებარე, იჯარით აღებულ სასტუმროს შენობას 2014 წლის მაისიდან 2014 წლის 29 ივნისამდე სისტემატურად გადასცემდა პროსტიტუციისთვის.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ლ. ზ–ე, -დაბადებული ...... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ლ. ზ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას ნ. ზ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ......ში, ............ ქუჩა №.., ზონა - .......... ...., სექტორი - .., კვარტალი -.., ნაკვეთი - ..., კოდი - ..........) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
გამართლებულ ლ. ზ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. წ–მ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ლ. ზ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, ასევე, რომ სასამართლომ მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული ლ. ზ–ე უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ ლ. ზ–ე გამიზნულად გადასცემდა თავის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ფართს პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, დამატებითი შემოსავლისა და სარგებლის მიღების მიზნით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი