საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.10.2020
საქმის ნომერი
2კ-131აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010100115001142094

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №131აპ-19 ქ. თბილისი

გ–ე გ.,131აპ-19 27 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა და ასევე მოწმეთა გამოქვექნებული ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. გ–მ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ–ს ბრალი დაედო პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. გ–ე თავის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ, ქ. .........ში, ..............ის გზატკეცილის N...-ში მდებარე სასტუმრო ,,...........ს’’ ნომრებს მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2015 წლის 26 სექტემბრამდე სისტემატურად გადასცემდა პროსტიტუციისთვის.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით გ. გ–ე, - დაბადებული ....... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ გ. გ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

გაუქმდა გ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით გ. გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. .....ში, .............ის ქუჩა N...., სხვენი, ფართი ..... კვმ, (ზონა - .......... - .... სექტორი - .., კვარტალი - .., ნაკვეთი - .., კოდი - ...., დაზუსტებული ფართობი - ..... კვმ, საკადასტრო კოდი: №.............)) - 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს წარდგენილ ბრალდებაში გ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი