დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.10.2020
საქმის ნომერი
59აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142220700118760

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №59აგ-20 ქ. თბილისი

ს. გ., 59აგ-20 22 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს ადვოკატ ლ. ფს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 მაისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ნ. თ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ხოლო ამავე კოდექსის 375-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ. თ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. ს-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ხოლო ამავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. ს-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ხოლო ამავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით გ. ს-სა და ნ. თ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო გ. ს-ს მიმართ შეიცვალა: გ. ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 10 წლით, ხოლო 25-ე,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ საქმეზე საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2020 წლის 7 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ს-ს ადვოკატმა ლ. ფ-მ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. ს-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. -ს ადვოკატ ლ. ფ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ს-ს ადვოკატმა ლ. ფ-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითება, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ და ,,ზ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო, ხოლო ამავე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის თანახმად, წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

4. კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებებად მიიჩნევს მოწმე - ლ. ზ-ს გამოკითხვის ოქმს, ამავე მოწმის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმებს, რომლითაც, კასატორის მტკიცებით დასტურდება, რომ გ. ს-სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს, ავტომანქანაში, მძღოლის გარდა იყო მხოლოდ ორი პირი, რაც გამორიცხავს გ. ს-ს ბრალეულობას, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე იყო სულ ოთხი პირი, მათ შორის - გ. ს..

5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახლად გამოვლენილია ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება რომელიც, ერთი მხრივ განაჩენის დადგენის დროს არ იყო ცნობილი და, მეორე, მხრივ მიუთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას.

6. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს მოწმე - ლ. ზ-ს გამოკითხვის ოქმზე, ამავე მოწმის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმებზე, რომლითაც კასატორის მტკიცებით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს გ. ს. შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, რომლებსაც საკასაციო პალატა არ მიიჩნევს ისეთ მტკიცებულებებად, რომელიც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ არცერთი მსჯავრდებული არ უარყოფდა შემთხვევის დროს გ. ს-ს ყოფნას გ. ს-სა და ნ. თ-სთან ერთად; ასევე, მოწმეების - გ. მ-სა ვ. ჟ-ს ჩვენებებით გ. ს-მ პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადებსას მიუთითა, რომ დანაშაულის ჩადენისას მასთან ერთად იყვნენ - გ. ს. და ნ. თ.; მოწმეების დ. წ-სა და რ. კ-ს ჩვენებებით კი ირკვევა, რომ შემთხვევის ღამეს გარდაცვლილის ავტომანქანა შეჩერებულ იქნა საპატრულო პოლიციის მიერ, საიდანაც გაქცევას შეეცადა სამი პირი, რომელთაგან ერთი შეაჩერეს და აღმოჩნდა ნ. თ.. ამდენად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით უტყუარად დადგენილი ფაქტის - დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი ა. თ-ს გარდა, ნ. თ-ს, გ. და გ. ს-ების ყოფნის საეჭვოდ მიჩნევის გონივრული საფუძველი და ამდენად, მოწმე ლ. ზ-ს გამოკითხვის ოქმი, ამავე მოწმის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმები ვერ მიიჩნევა ახალ მტკიცებულებებად, რომლებიც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და შესაძლოა, საფუძვლად დაედოს გ. ს-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ასევე კასატორის პოზიცია განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასინჯვის ნაწილშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად, ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, დაამტკიცებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

8. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ს-ს ადვოკატ ლ. ფ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ს-ს ადვოკატ ლ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ს-ს ადვოკატ ლ. ფ-ს შუამდგომლობის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი