საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010142220700115115
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №43აგ-20 25 დეკემბერი, 2020 წელი
მ–ი ფ., 43აგ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ფ. მ–ი, - დაბადებული ..... წლის 27 იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ფ. მ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 12 თებერვლიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ფ. მ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ფ. მ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ფ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ფ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 ფ. მ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე) განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
7. 2020 წლის 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ფ. მ–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N 1/19/1265,1318 განჩინების საფუძველზე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ფ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. მსჯავრდებული ფ. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვსთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020წლის 3 ივლისის განჩინებაში ცვლილების შეტანას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებულ ფ. მ–ს მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის იურიდიული საფუძველი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 განჩინების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.
4. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტის თანახმად, „წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას“.
5. კასატორს - მსჯავრდებულ ფ. მ–ს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივართან ერთად, არ წარმოუდგენია ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიერ შეძენილი და შენახული -0,0003599 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინი“ მოსახმარად უვარგისია.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები). შესაბამისად, სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში ფ. მ–ს შეუძლია კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.
7. ზემოაღნიშნულიდანგამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა :
1. მსჯავრდებულ ფ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ფ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე