საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100116001612892
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №44აპ-19 ქ. თბილისი
ბ–ე ჯ., 44აპ-19 26 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი რომან ბოლქვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ჯ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ბ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ცრუ დასმენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 13 სექტემბერს, ქ. .........ში, ი.........ის ქუჩიდან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ჯ. ბ–ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შსს სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურს და მიაწოდა ცრუ ინფორმაცია .........ის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის და მისი ცემის შესახებ. ამავე შეტყობინებაზე გამოცხადებულ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის მუშაკებს კი მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დ. და მ. ქ–ებმა ჩაიდინეს მისი ცემა, ხოლო ხ. ქ–ე დაემუქრა.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 მარტის განაჩენით ჯ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გაუქმდა ჯ. ბ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
გამართლებულ ჯ. ბ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №2კ-462აპ.-16; 1006აპ-19 გადაწყვეტილებანი), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
8. კასატორი - ბრალდების მხარე სადავოდ ხდის ჯ. ბ–ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რამაც ჯ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება გამოიწვია, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე