საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.01.2021
საქმის ნომერი
2კ-335აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002146858

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №335აპ-19 ქ. თბილისი

ფ–ა ი., 335აპ-19 27 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა ფანჩულიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ფ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №............ საქმეზე, 2017 წლის 6 ივლისს, სასჯელაღსრულების №.-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა ი. ფ–ს მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც ი. ფ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი. ფ–ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 ივლისს, გაცემულ იქნა №11/42 განჩინება მოწმე ი. ფ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი. ფ–მ უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ, №.-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ი. ფ–ს დაკითხვის შესახებ.

2017 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა №.-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა 2017 წლის 6 ივლისს, გაცემული №11/42 განჩინების საფუძველზე მოეხდინა მოწმე ი. ფ–ს დაკითხვა, თუმცა ი. ფ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის №............ საქმეზე, ი. ფ–ს მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე.

ზემოხსენებული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 26 ივლისს მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა №11/18 განჩინება მოწმე ი. ფ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი. ფ–მ კვლავ უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე გიორგი კერატიშვილის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი. ფ–ს №.-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა №.-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მომხდარიყო მოწმე ი. ფ–ს დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ი. ფ–ს მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი. ფ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით ი. ფ–ა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ი. ფ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ი. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უსამართლო და უკანონო და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი უცვლელად დატოვა.

8. ი. ფ–ა მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის თაობაზე ინფორმირებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით დადგენილი წესით; თუმცა ი. ფ–ს არ მიეცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობისა და დაცვის მოსამზადებლად. კერძოდ: საჯარო სამსახურში დადგენილი სამუშაო საათების გათვალისწინებით, 2017 წლის 7 ივლისს პატიმრობაში მყოფ ი. ფ–ს განკარგულებაში იყო დაახლოებით 4 საათი, ხოლო 27 ივლისს - მხოლოდ ორი საათი ადვოკატის ასაყვანად, ამასთან არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ი. ფ–ა, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული პირი სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იყო დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სსკ-ის 371-ე მუხლის დაცვის ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე ჩვენების მიცემაზე მოწმის მხრიდან მკაფიოდ გამოხატული უარისათვის, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს ჩვენების მიცემის მოვალეობა და საპატიო მიზეზის გარეშე უარს აცხადებს მოვალეობის შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში ი. ფ–ს არ უთქვია უარი ჩვენების მიცემაზე, რაც მან მკაფიოდ აღნიშნა ორივე შემთხვევაში და განმარტა რომ ითხოვდა ჩვენების მიცემას სსსკ-ით მისთვის მინიჭებული უფლების უზრუნველყოფის პირობებში. კერძოდ, ორივე შემთხვევაში ი. ფ–ა ითხოვდა დაკითხვას მისი ადვოკატის მონაწილეობით და ამის უზრუნველყოფისთვის მის დროულ და ჯეროვან ინფორმირებას სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა დაკავშირებოდა ოჯახის წევრებს

ადვოკატის აყვანის საკითხზე და დაკითხვამდე ჰქონოდა ადვოკატთან კონსულტაციის შესაძლებლობა (გასათვალისწინებელია დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული რეგულაციები). როგორც წარმოდგენილი მასალებით დგინდება 2017 წლის 7 ივლისს მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განპირობებული იყო მათ შორის ი. ფ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებითაც.

10. ამდენად, საქმის შესწავლისა და მტკიცებულებათა შეფასების შედეგად არ დასტურდება ი. ფ–ს განზრახვა შეგნებულად თავი აერიდებინა ჩვენების მიცემისათვის და აღნიშნულით ხელი შეეშალა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, არამედ სახეზეა ი. ფ–ს ლეგიტიმური მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვით განხორციელებულიყო მისი მოწმის სახით დაკითხვა. ი. ფ–ს ქმედებაში მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეშლის ინტერესისა და განზრახვის არარსებობა კი ავტომატურად გამორიცხავს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

12. კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ საკითხებზე და გარემოებებზე სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

13. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე