საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.02.2021
საქმის ნომერი
2კ-855აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002397612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №855აპ-20 ქ. თბილისი

ჩ–ა გ., 855აპ-20 04 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ჩ–ს გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით გ. ჩ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით - ჯარიმა 15000 ლარი, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 5000 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

გაუქმდა გ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით ბრალდებულ გ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 20000 ლარის ნაცვლად ნ. გ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ......, სოფელი ......, ს/კ .......... დადებული ყადაღა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს, რეგისტრირებულ იქნა შპს „.............“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქაღალდის ჭიქებისა და საკვები პროდუქტებისათვის ქაღალდის შესაფუთი მასალების წარმოება–რეალიზაცია. საზოგადოების პარტნიორები არიან: ზ. ქ–ა 50% წილობრივი მონაწილეობით, გ. ჩ–ა 40% წილობრივი მონაწილეობით და გ. ჩ–ს დედა – ნ. გ–ი 10% წილობრივი მონაწილეობით. დაფუძნებიდან – 2015 წლის 26 აგვისტომდე, შპს „....ის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა გ. ჩ–ა, ხოლო 2015 წლის 26 აგვისტოდან დღემდე საზოგადოების თანადირექტორები არიან გ. ჩ–ა და ზ. ქ–ა. პარტიონრთა გადაწყვეტილებით, საწარმოში თანხების ძირითადი ნაწილის ინვესტირებას განახორციელებდა ზ. ქ–ა, ხოლო საწარმოს გაუძღვებოდა გ. ჩ–ა, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება მსგავს ბიზნესსაქმიანობაში. შეთანხმებისამებრ, ზ. ქ–ამ, როგორც ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო თანხების გადაცემა გ. ჩ–სთვის, რათა ამ უკანასკნელს თანხა აესახა სათანადოდ და გამოეყენებინა ორგანიზაციის სხვადასხვა საჭიროებებისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ უკანასკნელმა განიზრახა თავისი, როგორც შპს „......“ დირექტორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ. ჩ–ამ, ზ. ქ–ას მიერ გადაცემული თანხები, მიუხედავად ზეპირი შეთანხმებისა, საზოგადოების ანგარიშზე განათავსა, როგორც მისი შენატანი და უგულებელყო შპს „.......“ მეორე დამფუძნებლის ინტერესი, კერძოდ: 2014 წლის 23 დეკემბრიდან 2015 წლის 10 მარტამდე პერიოდში, ზ. ქ–ას მიერ ჯამში გადაცემული 291 825 აშშ დოლარი და 6 369 ლარი საზოგადოების სს „ბანკი .............“ არსებულ საბანკო ანგარიშზე და შესაბამისად ბუღალტერიაში აისახა, როგორც დამფუძნებელ გ. ჩ–ს შანატანი 2016 წლის 8 აპრილსა და 14 აპრილს, გ. ჩ–ამ შესაბამისი სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და შპს „......“ მოითხოვა ზ. ქ–ას მიერ გადაცემული და საბანკო ანგარიშზე შეტანილი ზემოაღნიშნული თანხების უკან დაბრუნება, პირველ შემთხვევაში, როგორც მის მიერ განხორციელებული შენატანი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი როგორც საზოგადოებაზე სესხის სახით გადაცემული თანხა. ამავდროულად, სარჩელის უზრუნველსაყოფად მოითხოვა საზოგადოების ქონების დაყადაღება, რაც დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ. აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად დაირღვა როგორც საზოგადოების მეორე დამფუძნებლის, ზ. ქ–ას, ისე შპს „.........ის“ კანონიერი ინტერესი და ხელი შეეშალა საწარმოს გამართულ ფუნქციონირებას. ამავდროულად, გ. ჩ–ამ, რომელიც სრულად წარმართავდა შპს „........ის“ საქმიანობას, საზოგადოებისა და მისი დამფუძნებლის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მასთან დაკავშირებულ შპს „.........“, 2015 წლის 22 აპრილს გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც შეიზღუდა შპს „........ის“ ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.

2014 წლის 12 ნოემბრიდან 2015 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, გ. ჩ–ამ, რომელიც სრულად წარმართავდა შპს „.........“ საქმიანობას და როგორც საზოგადოების სალაროდან, ისე საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა დანიშნულებით განკარგავდა თანხებს, განიზრახა შპს „.........“ კუთვნილი თანხის მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზემოხსენებულ პერიოდში პირადი მიზნებისათვის გამოიყენა საზოგადოების კუთვნილი 1994 ლარი, ხოლო კვალის დაფარვის მიზნით ბუღალტერიაში აისახა, როგორც თანამშრომელზე გაცემული ხელფასი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის გამკაცრების კუთხით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გ. ჩ–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ჩ–ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ ზ. ქ–ასა და მოწმეების - მ. ქ–ის, მ. ლ–ს, ს. კ–ს, თ. ჩ–ს, მ. მ–სა და სხვათა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით) დადასტურებულია გ. ჩ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015).

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე