დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2021
საქმის ნომერი
2კ-124-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004293286

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №124I -21 თბილისი

მ–ე კ., 124I -21 26 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის განაჩენით კ. მ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი; ამავე კოდექსის 25,341-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; ამავე კოდექსის 25,370-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

2. 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ კ. მ–ს პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. მ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ არის ნასამართლობის არმქონე და გამოკვეთილია მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეფარდებული სასჯელის განახევრების წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კ. მ–ე, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,341-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 25,370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისა, რომლებიც საერთოდ არ არის გათვალისწინებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, იგი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან კ. მ–ეს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.

4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ კ. მ–ს მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, სასამართლო აღარ მსჯელობს იმ საკითხზე, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის აღსრულებისათვის სავალდებულო წინაპირობებია - მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თითოეული დაზარალებულის თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე და რამდენად გამოკვეთილია განსახილველ შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის აუცილებელი დანაწესები.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი