დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №45აგ-20 თბილისი
რ-ა რ-ო, 45აგ-20 18 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. რ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით რ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით: სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება დაკმაყოფილდა, მსჯავრდებულ რ. რ-ას მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და დადგინდა, რომ უნდა აღსრულდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
3. აღნიშნული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. რ-ამ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენის გადასინჯვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის წერილის საფუძველზე, რომელიც, რ. რ-ას აზრით, ადასტურებს სიმართლეს, კერძოდ: იგი ცნობილია დაზარალებულად, ვინაიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება, არ შეეძლო გადაადგილება და ვერ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროსა და სასამართლოში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. რ-ამ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ რ. რ-ას შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. რ-ას შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ რ. რ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე