დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.02.2021
საქმის ნომერი
2კ-6-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №6I -21 თბილისი

ა–ა რ., 6I -21 5 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა–ს ადვოკატ დ. ც–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით რ. ა–ა, - დაბადებული 1... წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 26 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა–სა და მისი ადვოკატის - დ. ც–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, შევიდა მსჯავრდებულ რ. ა–ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 26 იანვრიდან.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა–ს ადვოკატმა დ. ც–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით შფარდებული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითებს: მართალია, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული რ. ა–ა აკმაყოფილებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს (იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და ჰყავს არასრულწლოვანი შვილი), მაგრამ ვერ აკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას - იგი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც ვერ გავრცელდა მასზე ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის წესი.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. ა–ს ადვოკატ დ. ც–ის მოთხოვნას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ, პალატა განმარტავს შემდეგს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული ქალისათვის ამავე კანონით შემცირებული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის პირობები; ამავე კანონის მე-2 პუნქტში მოცემულია პირველი პუნქტის დამატებითი პირობა, რომელიც ადგენს გამონაკლის წესს, თუ რა შემთხვევაზე არ ვრცელდება პირველი პუნქტით სასჯელის შეცვლა, ხოლო მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი წარმოადგენს გაგრძელებას, გამოიყენება ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და ადგენს თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული ქალისათვის ამავე კანონით შემცირებული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის წესს, კერძოდ: მსჯავრდებულ ქალს შემცირებული სასჯელის რომელი ნაწილი უნდა შეეცვალოს შინაპატიმრობით.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. ა–ს ადვოკატ დ. ც–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ა–ს ადვოკატ დ. ც–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. გაჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე