დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №114I -21 თბილისი
მ–ი რ., 114I -21 26 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. მ–ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით რ. მ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 28 იანვრის, 5 თებერვლისა და 7 თებერვლის ეპიზოდები, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება) – 8-8 წლით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 თებერვლიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. აღნიშნული განაჩენით რ. მ–ი წარმოადგენს ნასამართლევ პირს. ნასამართლობის ცნობის მიხედვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით რ. მ–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ–ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ მ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება და გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ რ. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ, ნასამართლობის არმქონე პირს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში რ. მ–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის (3 ეპიზოდი), ასევე – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის. გარდა ამისა, ამავე განაჩენით იგი წარმოადგენს ნასამართლევ პირს.
3. ამდენად, მსჯავრდებულ რ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე – სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. მ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი