დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №278I -21 თბილისი
ძ-ა ნ-ა, 278I -21 26 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ძ-ას ადვოკატ ზ. დ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის № ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. ძ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ნ. ძ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ნ. ძ-ა, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა და საბოლოოდ ნ. ძ-ას განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 10 მარტიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ნ. ძ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ნ. ძ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა და საბოლოოდ ნ. ძ-ას განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 10 მარტიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ძ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ძ-ას ადვოკატმა ზ. დ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ნ. ძ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას იმ საფუძვლით, რომ ბოლო განაჩენით მსჯავრდებისას ნ. ძ-ას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი სრულად ჰქონდა მოხდილი, ხოლო ნასამართლობა - გაქარწყლებული, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით მას სასჯელი განუსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარების შემდეგ მსჯავრდებულმა ნ. ძ-ამ პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ცნობა მის მიერ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის სრულად მოხდის (მათ შორის ჯარიმის გადახდის) შესახებ, რომელსაც მიღების შემდეგ წარმოუდგენს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ნ. ძ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი ¼-ით შეიძლება შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნ. ძ-ა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადება და გასაღებაში დახმარება - სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის არგუმენტს, რომ ბოლო განაჩენით მსჯავრდებისას ნ. ძ-ას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი სრულად ჰქონდა მოხდილი, ხოლო ნასამართლობა - გაქარწყლებული (რომლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოში), რაც, მისივე განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით ნ. ძ-ას სასჯელი განუსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, როგორც წინა განაჩენით ნასამართლევსა და სასჯელმოუხდელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ. ძ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების საკითხს სასამართლო იხილავს წარმოდგენილი მასალების ფარგლებში და ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით (მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით) ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნ. ძ-ას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი მოხდილი არ ჰქონდა, ითვლებოდა ნასამართლევად.
4. ამდენად, მსჯავრდებულ ნ. ძ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ნ. ძ-ას ადვოკატ ზ. დ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ძ-ას ადვოკატ ზ. დ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე