დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.03.2021
საქმის ნომერი
2კ-299-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141221004283310

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2991-21 29 მარტი, 2021 წელი

ი–ი გ., 2991-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ი–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით გ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით გ. ი–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 6 (ექვსი) თვით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, გ. ი–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 1 (ერთი) თვით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით, გ. ი–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 დეკემბრის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) თვით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით გაუქმდა მსჯავრდებულ გ. ი–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 ივლისიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ. ი–ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.

7. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ი–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ი–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა, ვინაიდან დაზარალებული ლ. გ. არ იყო თანახმა.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ი–მ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ი–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით გ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.“

4. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გ. ი–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რომელზეც ვრცელდება ამნისტია, თუმცა დაზარალებული ლ.; გ–ს განცხადებით დგინდება, რომ დაზარალებული ლია გაბელაია სასტიკი წინააღმდეგია, რომ გ. ი–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს გ. ი–ს საჩივარი.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ი–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე