საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.03.2021
საქმის ნომერი
2კ-626აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002557384

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №626აპ-20 ქ. თბილისი

ა-ე ი., 626აპ-20 1 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ამ მუხლით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. ა–ის გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ა–ს, - დაბადებულს 1.... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 29 იანვარს ქალაქ კ–ში, ვ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ვ. ბ–ს საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ და ა. დ–მა მოტყუებით, ვ. ბ–ს გადასცეს ინდივიდუალურ მეწარმე ე. ა–ზე რეგისტრირებული „BMW-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ......., რის სანაცვლოდაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ვ. ბ–ს გამოართვეს ფულადი თანხა - 5340 ლარი, რითაც ვ. ბ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

ი. ა–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ი. ა–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ა. დ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. შესაბამისად, არ არსებობს გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საცივრის დაკმაყოფილების და ი. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა)“ქვეპუნქტით (ა. დ–სთან წინასწარი შეთანხმებით) დაკვალიფიცირების საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. ა–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. დაუსაბუთებელია ი. ა–ს უდანაშაულობის მტკიცებისთვის გ. კ–ს ჩვენებაზე აპელირება მათ შორის ვინაიდან პირადობის მოწმობა დაზარალებულმა გადასცა სწორედ ი. ა–ს და არა ა. დ–ს; დაზარალებული სწორედ ი. ა–სთან დაკავშირებას ცდილობდა და მისგან ითხოვდა ავტომანქანას.

9. საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში ი. ა–ს ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. ამასთანავე, საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს; ხოლო რაიმე ახალი გარემოება რომელიც არ იყო შეფასებული ან არასწორად იყო შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მასალებით არ დგინდება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 2 მარტის განჩინება N630აპ-20). სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ი. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

11. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.“ ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.“

12. საკასაციო სასამართლოში 22 თებერვალს შემოვიდა ი. ა–ს ინტერესების დამცველის - ადვოკატ ს. ჯ–ს განცხადება, საიდანაც დგინდება, რომ დაცვის მხარისთვის დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენა შეუძლებელია მათ შორის დაზარალებულის დამოკიდებულების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ი. ა–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლებიც, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ე. გასიტაშვილი