საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002926201
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №682აპ-20 ქ. თბილისი
ა. ხ., 682აპ-20 2 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ხ. ა-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტით შერაცხულ მსჯავრდებაში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხ. ა-ს ბრალეულობა; ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არასანდო, რაც საფუძვლად არ უნდა დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს; თარჯიმნის სახით მოწვეული პირი არის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი, რის გამოც მას არ ჰქონდა თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება; ნ. გ-ს გამოკითხვის ოქმი არ უნდა იქნეს გამოყენებული ხ. ა-ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან იგი მოწმის სახით არ დაკითხულა სასამართლოში; ქიმიური ექსპერტიზა ჩატარდა იმ ნივთიერებაზე, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა ექსპერტიზაზე, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს პოლიციელთა მხრიდან ამ მტკიცებულების უკანონოდ მოპოვებისა და შესაძლო გამოცვლის ფაქტს; დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ხ. ა., - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ა-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ხ. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ა-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ხ. ა-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 1 მარტს, 11:50 საათზე, ხ. . ... მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 5.8204 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხ. ა-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ: მოწმეების - ი. გ-ს, ს. შ-ს, შ. ნ-ს, თ. გ-ს, ქ. ს-ს, ს. კ-ს, თ. ა-ს ჩვენებებით, ნ. გ-ს გამოკითხვის ოქმით, ხ. ა-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 2 მარტის დასკვნით, გენეტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 28 ივნისის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ხ. ა-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს და რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე დამატებითი მტკიცებულების დართვის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული შუამდგომლობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
9. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ. ა-ს მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით (ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ... 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ... გათვალისწინებული დანაშაული) განსაზღვრული შეღავათი, ვინაიდან იგი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ხ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი