დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.03.2021
საქმის ნომერი
2კ-689აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119003170718

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №689აპ-20 ქ. თბილისი

ც. ნ., 689აპ-20 9 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნუგზარ ჯიქიძის

გამართლებულ - ნ. ც-ს

მონაწილეობით განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ც. ბრალად დაედო აღწერილი და დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2... წლის 10 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა ... მდებარე ინდმეწარმე ლ. ბ. მაღაზიაში შეადგინეს ქონებაზე ყადაღის დადების აქტი, რომლის თანახმად დაყადაღდა: 76 ტომარა პურის ფქვილი „ლიდერი“ (25კგ.), 72 ტომარა პურის ფქვილი „ლიდერი“ (50კგ.), 95 ტომარა ქატო, 38 ტომარა შავი ფქვილი, 6 ტომარა პურის ფქვილი „ბარაქა“, 45 ტომარა პურის ფქვილი „ლიდერი“ (50კგ.), საკონტროლო - სალარო აპარატი და ელექტროსასწორი, აღნიშნული ნივთები ჩაჰბარდა ნ. ც. და იგი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. 2.. წლის 20 თებერვალს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა ვ... მდებარე ინდმეწარმე ლ. ბ.- მაღაზიიდან ამოიღეს მხოლოდ სალაროაპარატი და ელექტრო სასწორი, სხვა დაყადაღებული ნივთები აღსრულებისთვის ნ. ც. არ წარუდგენია და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით ნ.ც., - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ნ. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გამართლებულ ნ. ც. განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დარიკო ვადაჭკორიამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ნ. ც-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დარიკო ვადაჭკორიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულ ნ. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი მოტივებით: პროკურორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული მუხლი სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას აწესებს იმ ქონებასთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებისათვის, რომელზეც სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა) განხორციელებულია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და უთითებს, რომ სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ დანაშაულების თავში ასევე მოთავსებულია ისეთი დანაშაულიც, როგორიცაა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი, რომელიც არ არის დაკავშირებული მაინცდამაინც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან.

6. საკასაციო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

7. საკასაციო სხდომაზე გამართლებულმა ნ. ც. და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მურად დიაკონიძემ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნორმა, რის საფუძველზეც ნ. ც. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო შემდეგი მოტივებით: მართალია, სსკ-ის 377-ე მუხლის სათაურში არ არის ნახსენები სიტყვა „სასამართლო“, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის სისტემის, მისი კარებად და თავებად დაყოფის პრინციპიდან, ასევე - კოდექსის მეთორმეტე კარისა (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ) და ორმოცდამეოთხე თავის (დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წესის წინააღმდეგ) სათაურების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას აწესებს იმ ქონებასთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებისათვის, რომელზეც სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა) განხორციელებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ. ც. ბრალი ედებოდა იმ აღწერილი და დაყადაღებული ქონების გაფლანგვაში, გასხვისებასა და დამალვაში, რომელიც არ არის დაყადაღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, პალატამ ნ. ც. უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ განმარტებას და აღნიშნავს შემდეგს:

4. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლით კრიმინალიზებულია აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა. განსახილველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია კრედიტორის კანონიერი ინტერესი სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან მიმართებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, რაც გამოიხატება აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისებასა და დამალვაში იმის მიერ, ვისაც ეს ქონება ჰქონდა მინდობილი. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ითვლება დანაშაულის საგნის, ანუ აღწერილი და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის მომენტიდან. ქმედების სუბიექტი არის - პირი, ვისაც აღწერილი ან დაყადაღებული ქონება შესანახად გადაეცა ხელწერილით, ანუ მინდობილი პირი. იგი შეიძლება იყოს: მესაკუთრე, მფლობელი, მოვალის ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი და სხვა. მინდობილი დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სჩადის უკანონო ქმედებას, ანგარებით ან სხვა პირადი დაინტერესების მოტივით.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის არსებობა სისხლის სამართლის კოდექსის მეთორმეტე კარსა (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ) და ორმოცდამეოთხე თავში (დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წესის წინააღმდეგ), მათი სათაურების შინაარსიდან გამომდინარე, იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება და დამალვა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს თვითონ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის შინაარსიდან, რომელშიც არსად არ არის მითითებული, რომ სადავო ქონება აუცილებლად აღწერილი ან დაყადაღებული უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, მართალია, მეთორმეტე კარში არსებულ დანაშაულთა გვარეობით ობიექტს წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ინტერესი, მაგრამ ამავე დროს, ეს კარი, ისევე როგორც ორმოცდამეოთხე თავი (დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წესის წინააღმდეგ), აერთიანებს არა მხოლოდ სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, არამედ - გამოძიების ორგანოების, პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულებებისა და ასევე განაჩენისა თუ სხვა გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსაც.

6. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის ქონებას შესაძლოა, ყადაღა დაედოს არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ - სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში სასამართლოს გარდა მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს/პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/აქტის საფუძველზე.

7. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ინდმეწარმე ლ. ბ. კუთვნილი ქონების დაყადაღების უფლებამოსილებას ანიჭებდა საქართველოს საგადასახადო კოდექის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს“.

8. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის სამართლებრივი შეფასება ნორმის განმარტებასთან მიმართებით არასწორია, მაგრამ ამასთან, არ არსებობს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ნ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის საფუძველი, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ლ. ბ., რომელიც არის ინდმეწარმე, .... ჰქონდა პურის საცხობი და სასურსათო მაღაზია, სადაც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. ამავე მაღაზიაში მას დასაქმებული ჰყავდა თავისი ოჯახის წევრები, შვილი - მ. ბ. და რძალი - ნ. ც.. ნ. ც. მუშაობდა ნოქრად.

- ინდმეწარმე ლ. ბ. წარმოეშვა 60 811,6 ლარის საგადასახადო დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნითაც, შემოსავლების სამსახურმა 2.. წლის 2 აგვისტოს გამოსცა ბრძანება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ინდ მეწარმე ლ. ბ. საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებაზე იკითხება ხელით შესრულებული მინაწერი: „გავეცანი ჩავიბარე ინდ. მეწარმე ლ. ბ. თანამშრომელი (რძალი) ნ. ც. 1..და ხელმოწერა.

- შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2...წლის 10 აგვისტოს N- აქტით, რომელიც შეადგინეს ამავე სამსახურის მთავარმა ოფიცრებმა - ი. ტ. და თ. ბ., აღიწერა და დაყადაღდა ლ. ბ. (ს/ნ ...., ... მდებარე) კუთვნილი შემდეგი ქონება: პურის ფქვილი - „ლიდერი“, უმაღლესი ხარისხის, 25 კგ. 76 ტომარა; პურის ფქვილი - „ლიდერი“, უმაღლესი ხარისხის, 50კგ. 72 ტომარა; ქატო - „ლიდერი“, 20 კგ. 95 ტომარა; შავი ფქვილი - „FATOGLI „ОВОЙМАЯ МУКА“ 30 ტომარა; შავი ფქვილი - „ლიდერი“, 40 კგ. 8 ტომარა; პურის ფქვილი -„ბარაქა“, უმაღლესი ხარისხის 25კგ. 6 ტომარა; პურის ფქვილი „ლიდერი“, მეორე ხარისხის 50კგ. 45 ტომარა; ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი ...; ერთი ელსასწორი. ამავე აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული ქონება შესანახად ჩაჰბარდა ნ.ც. რომელსაც განემარტა: „საქართველოს სსკ-ის 278-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი ამ ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონო გადაცემისათვის“. აქტს ხელს ან შემოსავლების სამსახურის ოფიცრები, ნ. ც. და დამსწრე პირი - ზ. მ.. . ც. სადავოდ არ ხდის და ადასტურებს ხსენებულ აქტზე ხელმოწერის ფაქტს.

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნით ლ. ბ კუთვნილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის საორიენტაციოდ შეადგენდა 8325 ლარს, ხოლო სასაქონლო საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებები სახეობების მიხედვით მიეთითა დანართ N--ში.

- იმერეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომელ ირკალი გორგაძის მიერ 2... წლის 20 თებერვალს შედგენილი აქტით ირკვევა, რომ დაყადაღებული ნივთების მოძიების მიზნით გამოცხადდა ... მდებარე ინდმეწარმე ლ. ბ. მაღაზიაში, საიდანაც დაყადაღებული ნივთებიდან ამოიღეს მხოლოდ სალარო აპარატი და ელექტროსასწორი, ხოლო სხვა ნივთები აღმასრულებლისათვის ნ. ც. არ წარუდგენია.

- 2.. წლის 29 ივნისს საარსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე რეალიზებულ იქნა 2.. წლის 10 აგვისტოს ყადაღის აქტში დასახელებული ქონების ნაწილი, კერძოდ: ი/მ „ლ.- ბ.“ (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული ელსასწორი და საკონტროლო-სალარო აპარატი, ხოლო ყადაღის აქტში დასახელებული სხვა ქონება (სხვადასხვა დასახელების ფქვილი) მოძიებული ვერ იქნა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ბრალდებულმა ნ. ც. თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მუშაობს თავისი დედამთილის - ლ. ბ. კუთვნილ მაღაზიაში გამყიდველად. ფქვილი, რომელიც დააყადაღეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ეკუთვნოდა ლ. ბ.. როდესაც საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, ვინაიდან ლ. ბ. ადგილზე არ იმყოფებოდა, ყადაღის შესახებ ოქმზე ხელი მან მოაწერა. საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს მისთვის არანაირი სამსახურებრივი მოწმობა არ წარუდგენიათ. რაც შეეხება ყადაღის ოქმზე ხელის მოწერას, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა დაარწმუნეს, რომ მას უნდა მოეწერა ხელი. მათივე განმარტებით, იგი ქონებაზე პასუხისმგებელი იყო მესაკუთრე, ლ. ბ. მოსვლამდე. მისთვის არ განუმარტავთ, თუ რა შედეგები შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, თორემ ამხელა პასუხისმგებლობას არ იკისრებდა. ამის შემდეგ საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები კიდევ ორჯერ იყვნენ მისული და ფქვილი ადგილზე იყო. იმავე წლის დეკემბერში ლ. ბ.მ ფქვილი გადაყარა, ვინაიდან იგი გაფუჭდა, ვადა გაუვიდა, დანესტიანდა და მღრღნელებმაც დააზიანეს ან გაანადგურეს. თვითონ არაფერში მიუღია მონაწილეობა. ლ. ბ--–----- იყო ინდმეწარმე და ფქვილის მესაკუთრეც ის იყო. მას არავისთვის შეუტყობინებია ფქვილის გადაყრის შესახებ.

11. მოწმე თ. ბ. ჩვენებით დგინდება, რომ 2... წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა შემოსავლების სამსახურის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილებაში გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მთავარ ოფიცრად და მონაწილეობდა ლ. ბ. ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიებაში. 2... წლის 10 აგვისტოს, ი. ტ-სთნ ერთად, ჩავიდა ვ., სადაც ყადაღა უნდა დაედოთ ლ. ბ. კუთვნილ ქონებაზე, დავალიანების გადახდევინების მიზნით. მათ წინასწარ გააფრთხილეს ლ. ბ., თუმცა იგი ადგილზე არ გამოცხადდა. ადგილზე, სადაც დასაყადაღებელი ქონება იყო, იმყოფებოდა ნ. ც., რომელიც არის ლ. ბ. რძალი და მუშაობს მის მაღაზიაში. ნ. ც. გააცნეს ბრძანება რომლითაც ყადაღა უნდა დაედოთ ლ. ბ. ქონებაზე. ნ. ც. მათ დაათვალიერებინა პურის ფქვილი. ამის შემდეგ შეადგინეს შესაბამისი აქტი, რითაც დაყადაღდა პურის ფქვილი. დაყადაღებული ქონება შესანახად ჩააბარეს ნ. ც., რომელიც არის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი და ლ. ბ. წარმომადგენელი. მას განუმარტეს ქონების გასხვისების შემთხვევაში პასუხისმგებლობის შესახებ.

12. მოწმე ი. ტ.ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურში. 2.. წლის 2 აგვისტოს შესასრულებლად დაეწერა ბრძანება ინდმეწარმე ლ. ბ. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 10 აგვისტოს მივიდნენ მისამართზე, სადაც დახვდნენ ნ. ც. და მიქელთაძე, რომლის სახელი არ ახსოვს. მათ შესთავაზეს ბრძანების ჩაბარება, რაზეც უარი არ უთქვამთ და ასევე განუმარტა, რომ უნდა დაეყადაღებინათ ქონება. დაათვალიერებინეს ქონება და შეადგინა ყადაღის ოქმი. მათ გააფრთხილეს ნ. ც. საგადსახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

13. მოწმე ნ. კ. განმარტა, რომ არის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი. 2... წლის დეკემბერში შესასრულებლად დაეწერა საგადასახადო სამსახურის საქმე, სააღსრულები ფურცელი და სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების რეალიზაციის შესახებ. აღსრულების მიზნით, 2... წლის 20 თებერვალს ირაკლი გიორგაძესთან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ გამყიდველი ნ. ც., რომელმაც არ ისურვა მათთან თანამშრომლობა და გადაამისამართა მ. ბ-თან, რომელიც მივიდა დაახლოებით 15 წუთში. მ. ბ. განმარტებით, დაყადაღებული პურის ფქვილის დიდი ნაწილი გაფუჭდა და გადაყარა. მისი მითითებით, ნ. ც. მათ გადასცა სასწორი და სალარო აპარატი. მათ შეადგინეს შესაბამისი ოქმი და საქმე დაუბრუნეს საგადასახდო სამსახურს.

14. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა ირაკლი გიორგაძემ.

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ლ. ნ. და შ. მ. დაადასტურეს მათ მიერ 2... წლის 6 ნოემბერს გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის N.. დასკვნის სისწორე. მათივე განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარებისას მათ ფქვილის ვარგისიანობა და შენახვის პირობები არ შეუმოწმებიათ, ხოლო ფასი განსაზღვრეს საბაზრო ღირებულების მიხედვით.

16. 2.. წლის 27 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ვ. და წარმოადგენს ინდმეწარმე ლ. ბ. წარმოების ობიექტს, სადაც განთავსებულია მარკეტი, პურის საცხობი, ასევე ფქვილის გასაყიდი ობიექტი. დათვალიერებაში მონაწილე ნ. ც. მიუთითებს აღნიშნული შენობის სამხრეთ მხარეს არსებულ ოთახზე, სადაც მოთავსებული იყო დაყადაღებული ქონება, რაც შედგებოდა პურის ფქვილის, ქატოს, საკონტროლო სალარო აპარატისა და ელსასწორისაგან. აღნიშნულ ოთახს გააჩნია დასავლეთის მხრიდან შესასვლელი ორფრთიანი კარი. ოთახში, კედლებზე, შეინიშნება ნესტი, დაბზარვის კვალი მისი სამხრეთ გზაზეა ჩამოშლილი. ოთახი ცარიელია და ასფალტირებულ იატაკზე აწყვია ხის ფიცრულები, რაზეც დათვალიერებაში მონაწილე ნ. ც აცხადებს, რომ ეწყო დაყადაღებული პროდუქტი, რომელიც, ოთახში არსებულ ცუდი პირობების გამო, დაზიანდა, გაფუჭდა და მან გადაყარა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ამოღებული არ ყოფილა.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს საგადასახადო კოდექის 241-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: „ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა“.

18. შემოსავლების სამსახურის 2... წლის 2 აგვისტოს ბრძანების პირველ პუნქტში, რომლითაც ყადაღა დაედო ინდმეწარმე ლ. ბ. ქონებას, აღნიშნულია, რომ ყადაღა უნდა დაედოს ლ. ბ. კუთვნილ ქონებას, ხოლო მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ პირს არ აქვს ქონების განკარგვის (ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის უზურფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. ბრძანების ბოლოში მითითებულია, რომ ბრძანება ეგზავნება გადახდევინების ღონისძიების სამმართველოს და გადასახადის გადამხდელს.

19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით (რომლის შესაბამისადაც გამოიცა 2--- წლის 2 აგვისტოს ბრძანება): „საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე“. ამავე წესის 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მალფუჭებად საქონლად ითვლება ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

20. საკასაციო სასამართლო არ მიიჩნევს სადავოდ იმ ფაქტს, რომ შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2.... წლის 10 აგვისტოს N- აქტს, რომლითაც დაყადაღებული ქონება ჩაჰბარდა ნ. ც, ხელს ნამდვილად იგი აწერს. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ყადაღის დადების შესახებ მითითებული აქტი, არამედ - შემოსავლების სამსახურის 2.. წლის 2 აგვისტოს ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო ინდმეწარმე ლ. ბ. საკუთრებაში არსებულ ქონებას, გასაცნობად ჩაჰბარდა ასევე ნ. ც.

21. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, მოწმეები - თ. ბ. და ი. ტ. ნ. ც.სათვის ქონების ჩაბარებას ხსნიან იმ მოტივით, რომ ლ. ბ. ადგილზე არ დახვდათ, რის გამოც ნ. ც. ჩააბარეს ნივთები, რომელმაც, მათი განმარტებით, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, თანხმობა განაცხადა ნივთების ჩაბარებაზე და ხელიც მოაწერა ყადაღის შესახებ აქტზე. მათივე განმარტებით, ნ. ც. მიიჩნიეს ინდმეწარმის კანონიერ წარმომადგენლად.

22. საკასაციო სასამართლო მითითებულ მოწმეთა განმარტებას ვერ მიიჩნევს არგუმენტირებულად, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ლ. ბ., რომელიც იყო ინდმეწარმე და, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი პირი. სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა სწორედ მას. ნ. ც. ლ. ბ. სასურსათო მაღაზიაში ასრულებდა ხელშეკრულებით დაქირავებული პირის - გამყიდვლის მოვალეობას. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ. ც. საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობდა ლ. ბ. კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სახით. მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ნ. ც. მუშაობდა ლ. ბ. კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში გამყიდველის პოზიციაზე, და ამასთან, იყო მისი რძალი, ბუნებრივია, იგი ვერ ჩაითვლება გადასახადის გადამხდელ და საგადასახადო ორგანოების მიმართ ანგარიშვალდებულ პირად. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია, აღწერილი/დაყადაღებული ქონება დროებით ჩაჰბარებოდა მაღაზიის გამყიდველს და გატარებული ძალისხმევის შედეგად პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაჰბარებოდა (ჩაბარებოდა) გადასახადის გადამხდელ უფლებამოსილ ანგარიშვალდებულ პირს.

23. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შემოსავლების სამსახურის 2.. წლის 2 აგვისტოს ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2.. წლის 10 აგვისტოს N- აქტი და ასევე დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაჰბარდა მაღაზიის გამყიდველს - ნ. ც., რის შემდეგაც შესაბამის ორგანოებს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებიათ, არც ქონების სათანადო დაცვის კონტროლისა და არც პირველივე შესაძლებლობისთანავე ქონების უშუალოდ საგადასახადო ანგარიშვალდებული პირის - ინდმეწარმე ლ. ბ-ათვის გადასაბარებლად (ჩასაბარებლად).

24. ამ ვითარებაში კი, ვინაიდან ზემოაღნიშნული აქტები და დაყადაღებული ქონება ჩაჰბარდა სხვა, საამისოდ არაუფლებამოსილ პირს - ნ. ც., განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საკითხების გარკვევა, თუ რა სამართლებრივი კავშირი არსებობდა ნ--- ც. და ლ. ბ. შორის, იყო თუ არა მინდობილი პირი უფლებამოსილი, რომ შეენახა დაყადაღებული ქონება, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენად გასაგებად და ნათლად განუმარტეს ქონების შემნახველს როგორც ქონების შენახვის ვადა, ისე იმ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ნაკისრი ვალდებულების შესახებ, რაც მოჰყვებოდა დაყადაღებული ქონების შესანახად ჩაბარებას და მიიღეს თუ არა ნ. ც-საგან მკაფიო თანხმობა და დასტური, რომ ყადაღის აქტზე ხელის მოწერის შედეგად ის კისრულობდა ნივთების შენახვის ვალდებულებას და იღებდა პასუხიმგებლობას ამ ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონოდ გადაცემისთვის. აგრეთვე, მნიშვნელოვანია იმ საკითხის დადგენაც, პასუხისმგებელმა პირებმა მიმართეს თუ არა ყველა საჭირო ზომას, რომ სხვა პირისათვის შესანახად მიბარებული ქონება პირველივე შესაძლებლობისთანავე შესანახად ჩაებარებინათ გადასახადის გადამხდელისათვის.

25. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი პირები საერთოდ არ დაინტერესებულან, თუ რა სამართლებრივი კავშირი გააჩნდა ნ. ც. ლ. ბ-თან, იყო თუ არა იგი უფლებამოსილი, რომ შეენახა დაყადაღებული ქონება და მიზეზი, რის საფუძველზეც მას ქონება შესანახად ჩაჰბარდა არის მხოლოდ ის, რომ ლ.ბ. არ იმყოფებოდა ადგილზე, ხოლო ნ. ც. კი მუშაობდა მაღაზიაში გამყიდველად, რაც მას საგადასახადო ვალდებულებებს არ აკისრებდა. ამასთან, მათ ნ. ც. მიიჩნიეს ინდმეწარმე ლ. ბ. კანონიერ წარმომადგენლად, რაც, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან დადგენილია, რომ იგი ლ. ბ. კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსით არ იყო აღჭურვილი.

26. გარდა ამისა, ნ. ც-ს ჩვენებითა და შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2.. წლის 10 აგვისტოს N- აქტით ასევე დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ნ. ც. ყადაღის აქტზე ხელის მოწერის შედეგად მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შინაარსისა და ნაკისრი ვალდებულებების ირგვლივ ნათლად და გასაგებად არ გააფრთხილეს, რის გამოც გაურკვეველი რჩება ის საკითხიც, თუ რა ვადით და რა ვალდებულება იკისრა ნ. ც. ყადაღის აქტზე ხელმოწერის შედეგად, კერძოდ:

27. ნ. ც. თავის ჩვენებაში განმარტავს შემდეგს: საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა ყადაღის შესახებ აქტთან მიმართებით დაარწმუნეს, რომ სწორედ მას უნდა მოეწერა ხელი, რა დროსაც განუმარტეს, რომ იგი ქონებაზე პასუხისმგებელი იყო მესაკუთრის - ლ. ბ. ადგილზე მისვლამდე. ამასთან, მისთვის არ განუმარტავთ, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა აქტზე ხელმოწერას, თორემ, მისივე სიტყვებით, ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებდა.

28. თავის მხრივ, ყადაღის დადების შესახებ 2. წლის 10 აგვისტოს N- აქტში მითითებულია, რომ ნ. ც. განემარტა: „საქართველოს სსკ-ის 278-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი ამ ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონო გადაცემისათვის“. მითითებული ჩანაწერით სრულიად გაუგებარია, რა განუმარტეს ნ. ც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით (ყადაღადადებული ქონების განკარგვა და საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ახსნა) გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, კერძოდ: „საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა“, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით (სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გაუვარგისება) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც სრულიად არის აცდენილი ნ. ც-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ამ საკითხთან მიმართებით პროკურორი საკასაციო საჩივარში აპელირებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის, მოწმე თ. ბ. ჩვენებაზე, სადაც ის განმარტავს, რომ ყადაღის დადების შესახებ 2--- წლის 10 აგვისტოს N- აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უზუსტობა - 278-ე მუხლის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 377-ე მუხლი და სინამდვილეში ნ. ც. განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებული მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

29. ნ. ც-ს ჩვენების გათვალისწინებით, რომელიც აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების განმარტების შესაბამისად, იგი დაყადაღებულ ქონებაზე პასუხისმგებელი იყო და ნივთები შესანახად ჩაიბარა მხოლოდ ლ. ბ. ადგილზე მისვლამდე და არა - ზოგადად, განუსაზღვრელი ვადით და ასევე ყადაღის დადების შესახებ აქტში ნ. ც. შესანახად ჩაბარებული ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონო გადაცემისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის განმარტების სრულიად გაურკვევლი ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის ზემოაღნიშნულ განმარტებას და ყადაღის აქტში მითითებულ მონაცემებში დაშვებულ შეცდომას ვერ მიიჩნევს უმნიშვნელო ხასიათის ტექნიკურ შეცდომად, რადგან ნ. ც. ბრალი ედება მასზე მინდობილი ქონების გაფლანგვა, გასხვისებასა და დამალვაში, სწორედ ამ აქტის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებიდან გამომდინარე. ცალსახაა, რომ ნ. ც. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სრულყოფილად და გასაგებად არ განუმარტეს მისთვის დაყადაღებული ქონების მიბარების როგორც სამართლებრივი შინაარსის, ისე მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

30. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ პასუხისმგებელმა პირებმა არ მიიღეს არანაირი ზომა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაყადაღებული ქონება შესანახად ჩააბარეს სხვა პირს, ეს ქონება მოგვიანებით შესანახად ჩაებარებინათ გადასახადის გადამხდელი პირის - ლ. ბ-სათვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქონება ბოლომდე მიბარებული ჰქონდა ნ. ც., მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ დაყადაღებული ქონება ჩაჰბარდა არა გადასახადის გადამხდელს, არამედ -სხვა პირს, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც ლ. ბ. და ნ. ც-ს ჩვენებებიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ყოველთვიურად მიდიოდნენ ადგილზე და ამოწმედბენენ დაყადაღებულ ნივთებს.

31. ამას გარდა, ასევე საყურადღებოა ყადაღის დადების შესახებ 2--- წლის 10 აგვისტოს N- აქტის დაყადაღებული და აღწერილი ქონების ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილია დაყადაღებული ქონების სახეობა და რაოდენობა. მასში არ არის მითითებული დაყადაღებული მალფუჭებადი ნივთების - სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის ფქვილისა და ქატოს - გამოშვების თარიღები და ვარგისიანობის ვადები.

32. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ლ. ბ. ჩვენებით, რაც ასევე დასტურდება ნ. ც-ს ჩვენებითაც, დგინდება, რომ დაყადაღებული ქონება ინახებოდა ლ. ბ. საწარმოს გვერდით მდებარე მოქალაქე გ. ხ. კუთვნილ ფართში, რომელიც მას ნაქირავები ჰქონდა და იმ მიზნით, რომ დაყადაღებული ნივთები შეენახა, ფართის ქირაში იხდიდა ყოველთვიურად ას ლარს. 2. წლის დეკემბერში ლ. ბ. ყადაღადადებული სხვადასხვა სახეობის ფქვილი და ქატო თავისივე გადაწყვეტილებით ნაგავში გადაყარა, ვინაიდან ისინი იყო მალფუჭებადი და ფქვილმა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაიწყო ლპობა. ამას დაემატა ისიც, რომ შენობაში, სადაც ისინი ინახებოდა, გაჩნდნენ მღრღნელებიც, რამაც ასევე დააზიანა ქონება, რის გამოც დაყადაღებული ნივთების 70-80 % განადგურდა და ფაქტობრივად უვარგისი გახდა. ლ. ბ. ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად მისი არაერთი მოწოდებისა, რომ მისგან დროულად წაეღოთ დაყადაღებული ქონება, საგადასახადო სამსახურის თანამშრომელებმა, რომლებიც ყოველთვე ადგილზე ამოწმებდნენ და ნახულობდნენ ყადაღადადებულ ნივთებს, არ გაიტანეს იქიდან და დროულად არ მოახდინეს რეალიზაცია. მალფუჭებადი პროდუქტი თვეების განმავლობაში ინახებოდა ასეთ პირობებში. იმ ფაქტს, რომ დაყადაღებული მალფუჭებადი ნივთების შესანახად არ არსებობდა შესაბამისი პირობები, ასევე ადასტურებს 2--- წლის 27 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ იმ ოთახში, სადაც ინახებოდა ნივთები, შეინიშნება ნესტი, კედლები დაბზარულია, ხოლო ჭერი დეფორმირებული.

33. ამდენად, დამატებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა ისე, რომ არ დაინტერესდნენ ნივთების გამოშვების თარიღებითა და ვარგისიანობის ვადებით და არ გაარკვიეს, არსებობდა, თუ არა მალფუჭებადი ნივთების შენახვისათვის სათანადო პირობები, ისინი შესანახად ჩააბარეს ნ. ც., თანაც სხვის - ლ. ბ. საწარმოს გვერდით მდებარე, მოქალაქე გ. ხ. კუთვნილ ფართში, რომელიც ლ. ბ. დაქირავებული ჰქონდა და თან ისეთ პირობებში, რაც ვერ უზრუნველყოფდა მათი ვარგისიანობის შენარჩუნებას. ვინაიდან დაყადაღებული ნივთების უმეტესი ნაწილი მალფუჭებადი იყო, შესაბამისად, მათი გაფუჭების თავიდან არიდების მიზნით, აქტში უნდა მითითებულიყო მალფუჭებადი პროდუქციის გამოშვების თარიღები, ვარგისიანობის ვადები და ისინი უნდა შეენახათ სათანადო პირობებში.

34. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი არ მოითხოვს, რომ მინდობილი, ანუ ქონების შემნახველი პირი აუცილებლად უნდა იყოს მისი მესაკუთრე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ყადაღის შესახებ ბრძანება, აქტი და დაყადაღებული ქონება არ ჩააბარეს გადასახადის გადამხდელ პირს, შემდეგ არ გაარკვიეს მინდობილი პირის სამართლებრივი კავშირი საგადასახადო დავალიანების მქონე პირთან, ქონების შემნახველს სრულყოფილად და გასაგებად არ განუმარტეს დაყადაღებული ქონების ჩაბარების სამართლებრივი შინაარსი და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მოგვიანებით არ მიიღეს არანაირი ზომები ნივთების მისი მესაკუთრისათვის გადასაცემად და ასევე არ დაინტერესდნენ მალფუჭებადი ნივთების ვარგისიანობითა და მათი შენახვის პირობებით, ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს ნ. ც-ს პასუხისმგებლობას შესანახად ჩაბარებულ ქონებაზე.

35. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

36. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენი გამართლებულ ნ. ც-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი