საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.03.2021
საქმის ნომერი
2კ-820აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №820აპ-20. ქ. თბილისი

მ-ი ვ-820აპ–20. 17 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ მიხეილ ჩხეიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ვ. მ-ი, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ ვ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლით (1998 წლის რედაქცია) გათვალისწინებული უფლებებით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვ. მ-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 1994 წლის 10 სექტემბერს ქ. თ-ში, გ-ის ქ. №- კორპუსის №- ბინაში, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალმა ვ. მ-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის ერთი დარტყმით ჩაიდინა მოქალაქე ვ. მ-ის განზრახ მკვლელობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვ. მ-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე – დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე და საბოლოოდ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

4. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. მ-ის უდანაშაულობის შესახებ და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დადასტურდა ვ. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

6. ასეთი მოცემულობის არსებობისას, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი – „in dubio pro reo“ ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №14აპ-15, №1399აპ-08).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ მიხეილ ჩხეიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ მიხეილ ჩხეიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი