საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100120003751169
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №869აპ-20 ქ. თბილისი
ს–ა ს., 869აპ-20 10 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 19 მაისს, დაახლოებით 20:30-20:45 საათებში, ქ. გ–ში, ........ის ქ. N..-ში მდებარე სახლში, ს. ს–მ მეუღლეს, მ. ა–ს იმის გამო, რომ არ მისცა ალკოჰოლის საყიდელი თანხა, მარცხენა გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო მარჯვენა ფეხი დაარტყა წელის არეში. ს. ს–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ს. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ს. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (გადაუხდელია) და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ს. ს–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ს–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა მ. ა–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი პრაქტიკულად დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას წარმოადგენს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ. ა–ს ობიექტური შემოწმებით სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
10. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება პ.ს–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
12. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე