საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003168146
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №873აპ-20 ქ. თბილისი
დ–ი ა., 873აპ-20 30 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატი. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებული ა. დ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ა. დ-ს გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით ა. დ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 2019 წლის 26 ივლისიდან იმავე წლის 29 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.
გაუქმდა ა. დ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლიდან 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით, ა. დ–ი თავის გერს - თ. ბ–ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა, მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ა. დ–ის გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას ა. დ–ის უდანაშაულობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. ბ–სა და მოწმეების - ი. პ–ს, ა. დ–ის, მ. ჯ–ს და არასრულწლოვანი მოწმის - თ. ი–სა და სხვათა ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ა. დ–ს ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. უსაფუძვლოა კასატორების მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე.
9. საქართველოს სსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ა. დ–ს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ და საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
11. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ არ დაკითხა მისი ამჟამინდელი მეუღლე მ. მ–ა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ადგენს კონკრეტული ფაქტის ან ქმედების არსებობას და მის სამართლებრივ შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება რომ დაცვის მხარეს სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ან/და არ მიეცა აღნიშნული პირის მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაბარების და დაკითხვის შესაძლებლობა.
12. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მშობლისთვის შვილების მონახულების სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლის დაუშვებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების (სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია მსჯავრდებულის მიერ შვილების მონახულების უფლება და განსაზღვრულია აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხები) შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგების, ასევე გადაადგილების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის დაუშვებლობის შესახებ. იმავდროულად,აღნიშნული მსჯავრდებულს არ აძლევს უფლებას, რომ დანაშაულებრივი დამოკიდებულება გამოხატოს დაზარალებულის მიმართ და შეურაცხყოფა მიაყენოს მას.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე–8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, აღადგინონ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედებები (იხ. Eriksson v.Sweden, 22/06/1989, A 156, 71; Margareta and Roger Andersson v.Sweden, 25/02/1992, A 226-A, §91; Ignaccolo-Zenide v. Romania, №3179/96, §94, ECHR 2000-I; Sylvester v. Austria, №№36812/97; 40104/98, §58, 24/04/2003). ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვებთან კონტაქტის შესახებ ... დავები წარმოიშობა მშობლებსა და/ან ბავშვების ოჯახის სხვა წევრებს შორის (იხ. N.TS. and Others v. Georgia, no.776/12, §71, §70, 02/02/2016; Fuşcã v.Romaniam №34630/07, §34, 13/07/2010.; Hromadka and Hroadkova v. Russia, 22909/10, §150, 11/12/2014.; Manic v. წ Lituania, §46600/11, §101, 13/01/2015).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. დ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატი. კ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე