დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.03.2021
საქმის ნომერი
51აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700113992

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №51აგ-20 9 მარტი, 2021 წელი

ტ. მ., 51აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით მ. ტ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად; ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ტ-ს სასჯელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მ. ტ-ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამავე განაჩენით მ. ტ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 პუნქტის შესაბამისად, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. 2020 წლის 11 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ტ-მ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენის გადასინჯვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პaლატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ტ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებული მ. ტ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან და მოსახდელად დარჩა ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. კასატორი - მსჯავრდებული მ. ტ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პლატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მცირე მნიშვნელობის გამო მის ქმედებას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით საქმეზე - ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

3. საქმის მასალების მიხედვით, მ. ტ. ავტომანქანაში უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PvP). ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით, მუყაოს კოლოფში არსებული თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული მინის ე.წ. ,,ჩიბუხის“ შიდა კედლებზე აღინიშნებოდა ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ (a-PvP), რომლის ოდენობა ექსპერტიზას არ დაუდგენია.

4. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით. ამავდროულად, სარწმუნოდ ვერ დგინდება, რომ მ. ტ-საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ (a-PvP), მისი ოდენობიდან გამომდინარე, მოსახმარად გამოსადეგი იყო. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლად და მ. ტ. გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან.

5. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მისი სისხსლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესახებ, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება დანაშაულის დეკრიმინალიზაციისა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს.

6. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მ. ტ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);

7. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენი კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი