დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.02.2021
საქმის ნომერი
2კ-74-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141121004269127

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№741-21 25 თებერვალი, 2021 წელი

კ–ი ს., 741-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. კ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით ს. კ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის წესით, ს. კ–ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2013 წლის 14 აგვისტოდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ს. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

3. 2021 წლის 17 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ს. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ს. კ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქციით 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) განსაზღვრული 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად. ს. კ–ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 14 აგვისტოდან. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. კ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

6. მსჯავრდებულმა ს. კ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაავრცელა მსჯავრდებულ ს. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

3. „ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულ ს. კ–ს მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, ს. კ–ს არ ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ამასთან, იგი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

5. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მსჯავრდებულ ს. კ–ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ს. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე