საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.04.2021
საქმის ნომერი
2კ-14აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100120003442088

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №14აპ-21 ქ. თბილისი

ა. გ. 14აპ-21 8 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 03 სთ-ზე, ქ. რ-ში, მე-… მკ/რ-ნი N…-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ა-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. პ-ს ძლიერად მოქაჩა თმა, სახის არეში ორჯერ გაარტყა ხელი, მარცხენა ყურზე მოქაჩა საყურე, ყელზე მოუჭირა ხელი და მიაგდო დივანზე. გ. ა-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ს. პ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 03 სთ-ზე, ქ. რ-ში, მე-…-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ა-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. პ-ს, იმის გამო, რომ არ დაერეკა 112-ის სამსახურში, გამოართვა კუთვნილი samsung galaxsy A6 მობილური ტელეფონი და იატაკზე დახეთქებით დააზიანა. აღნიშნული ქმედებით ს. პ-ს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.

გ. ა-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, გ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

9. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

10. დაზარალებულმა ს. პ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრულ მტკიცებულებით სტანდარტს: მოწმეების - გ. კ-ს, დ. ნ-ს, ვ. კ-ისა და ნ. ტ-ს გამოკითხვის ოქმებითა და წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, შეუძლებელია დადასტურდეს, რომ ს. პ-მ, როგორც ძალადობის ადრესატმა, 2019 წლის 30 დეკემბერს ბრალდებულის ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე არ დასტურდება რომ ტელეფონი უშუალოდ ბრალდებულმა დააზიანა.

11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე