განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.04.2021
საქმის ნომერი
2კ-298-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080141121004280480

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2981-21 2 აპრილი, 2021 წელი

გ–ე ნ., 2981-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ნ. გ–ე, -დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდგომში - სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქციით) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 15 აპრილიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ნ. გ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენი ნ. გ–ს მიმართ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ნ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ნ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

- სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 4 თვითა და 2 დღით (13.12.2019 წ. მდგომარეობით) და საბოლოოდ ნ. გ–ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 10 თვით და 2 დღით.

ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2019 წლის 13 დეკემბრიდან.

5. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

6. ქუთაიის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით:

- მსჯავრდებულ ნ. გ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. გ–მ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.

8. მსჯავრდებულ ნ. გ–ს საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 23 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ნ. გ–ე მსჯავრდებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ნ. გ–ე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქცია). განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სსკ-ის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის გათვალისწინებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. როგორც 2015 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქციით ასევე ამჟამადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ¼-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ–ეს, რომელიც არ იყო ნასამართლევი დანაშაულის ჩადენის დროს ¼-ით უნდა შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. გ–ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

7. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ნ. გ–ს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, მთლიანად უნდა დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის (რომელზეც გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი) 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი.

8. ნ. გ–ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან ნ. გ–ე მსჯავრდებულია 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტი განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. გ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. ნ. გ–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ნ. გ–ს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, მთლიანად დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ¼-ით შემცირებული სასჯელის - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი;

5. ნ. გ–ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2019 წლის 13 დეკემბრიდან;

6. სხვა ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე