დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.04.2021
საქმის ნომერი
2კ-312-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141221004313098

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №312I -21 თბილისი

ა–ი ა., 312I -21 1 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა–ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ა. ა–ი, დაბადებული 19.. წელს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 20 აპრილიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. 2021 წლის 27 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებიდან ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ა–ის პირადი საქმე.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ა–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ა–მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამდე იგი ნასამართლევი არ ყოფილა სხვისი ქონების მითვისებისათვის, რაც დააბრკოლებდა კანონით დადგენილი შეღავათის მის მიმართ გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს: მართალია, ა. ა–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მაგრამ ამ დანაშაულის ჩადენისას იგი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით (რომელიც, თავის მხრივ საერთოდ არ არის გათვალისწინებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით), რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ ა. ა–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი