განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №345I -21 თბილისი
ტ-ა მ., 345I -21 29 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ას საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - ს-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ტ-ას პირადი საქმე.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ტ-ას, - დაბადებულის -- წელს, - მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ტ-ამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას; მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ მ. ტ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებებთან მიმართებით, ვინაიდან 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისას მ. ტ-ა ნასამართლევი იყო წინა განაჩენით, ხოლო 262-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. ტ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც შთანთქმული აქვს ამავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს) და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით მ. ტ-ასათვის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ტ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ტ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1. მსჯავრდებულ მ. ტ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც შთანთქმული აქვს ამავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს) და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით მ. ტ-ასათვის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად;
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი