დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700122076
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №71აგ-20 19 აპრილი, 2021 წელი
მ–ი გ., 71აგ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია), სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით; სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ გ. მ–ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ–ს ¼-თ შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ–ს ¼-თ შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. მ–ს შთანთქმის პრინციპის გათავალისწინებით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში
დარჩა უცვლელად.
5. 2020 წლის 28 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ადვოკატმა რ. რ–მ და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. მ–ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული სხდომაზე განსახილველად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ–მ და საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ,,არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს“.
3. კასატორის მტკიცებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი გამოტანილია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმის განმხილველ სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა ორი სახალხო მსაჯული. ადვოკატი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის (საქმე ,,გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“) გადაწყვეტილებაზე.
4. კასატორის მტკიცებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი ასევე ემყარება დაუშვებელ მტკიცებულებას - მოწმის ირიბ ჩვენებას - რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის იგივე საფუძვლებით და არგუმენტაციით დაცვის მხარემ არაერთხელ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით (მათ შორის იგივე საფუძვლით და არგუმენტაციით დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კასატორს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებითაც. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა).
6. შესაბამისად, ვინაიდან კასატორი უთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც უკვე არაერთხელ იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის იგივე ქვეპუნქტით და არგუმენტაციით სასამართლოს მიერ გადასინჯვის საგანი და კასატორს დასაბუთებული პასუხი გაეცა შუამდგომლობაში დაყენებულ მოთხოვნაზე, ხოლო კასატორი წარმოდგენილ საჩივარში (და შესაბამისად შუამდგომლობაში) არ უთითებს რაიმე ახალ გარემოებაზე ან ფაქტზე რაც არ ყოფილა სასამართლო განხილვა-შეფასების საგანი და შესაძლებელია გამხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე