დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.05.2021
საქმის ნომერი
78აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №78აგ-20 თბილისი

ჩ-ი ა-ე, 78აგ-20 25 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით ა. ჩ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ა. ჩ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 დეკემბრიდან იმავე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. 2020 წლის 5 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატმა ბ. შ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ა. ჩ-ის გამართლება წარდგენილი მასალებისა და ალტერნატიული ექსპერტიზის 2020 წლის 10 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატ ბ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატმა ბ. შ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დასაშვებად ცნოს მისი შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 და 302-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი, რომელიც კასატორს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, შეუძლია, საკასაციო წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთ თვეში. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო - რომელიც აღარ საჩივრდება). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ არ არის შემაჯამებელი (საბოლოო).

5. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ მსჯავრდებულის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის საკასიო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლამდე - 2020 წლის 5 ნოემბერს, ნაცვლად ამ განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებისა, სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ამავე განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ.

6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატ ბ. შ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან მსჯავრდებულ ა. ჩ-ის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის საკასიო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადა შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში წარდგენისას არ იყო გასული და განაჩენი არ წარმოადგენდა შემაჯამებელ (საბოლოო) გადაწყვეტილებას, რის გამოც დაუშვებელია ამ განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.

7. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმსჯელოს მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატ ბ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატ ბ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი