საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№989აპ-20 ქ. თბილისი
მ-ე ი-ა, 989აპ-20 11 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
ი. მ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ბ. ღ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 25,172-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
გ. გ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 25,172-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
მ. უ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 25,172-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ლ. გ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 25,172-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ქ. გ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 25,172-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
დ. კ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 25,172-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულებს – მ. უ-ეს, ქ. გ-ესა და ლ. გ-ას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 6 თებერვლიდან იმავე წლის 10 თებერვლის ჩათვლით; გ. გ-სა და ბ. ღ-ს – 2020 წლის 6 თებერვლიდან იმავე წლის 9 თებერვლის ჩათვლით; ი. მ-ეს – 2020 წლის 6 თებერვლიდან იმავე წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო დ. კ-ეს – 2020 წლის 6 თებერვლიდან იმავე წლის 3 ივნისის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ემ ჩაიდინა არასრულწლოვნის გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით, ბ. ღ-მა – შვილად აყვანის მიზნით არასრულწლოვნის გაყიდვის ორგანიზება, ხოლო გ. გ-მა, მ. უ-ემ, ქ. გ-ემ, ლ. გ-ამ და დ. კ-ემ – შვილად აყვანის მიზნით არასრულწლოვნის გაყიდვაში დახმარება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
• მეან-გინეკოლოგმა ბ. ღ-მა, არასასურველი ფეხმძიმობის შეწყვეტის მიზნით კონსულტაციაზე მისულ ი. მ-ეს შესთავაზა, შვილად აყვანის მიზნით, ახალშობილის გაყიდვა. ბ. ღ-მა ი. მ-ე დაიყოლია მშობიარობის შემდეგ ახალშობილის გასხვისებაზე ფულადი თანხის სანაცვლოდ. შესაბამისად, მან ორგანიზება გაუწია შვილად აყვანის მიზნით არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელებას, მათ შორის – ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევის, ბავშვის შემძენის მოძიების, მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის, დოკუმენტაციის მომზადებისა და სხვა ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის გზით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბ. ღ-მა ი. მ-ისაგან მიიღო თანხმობა, ახალშობილის გაყიდვის მიზნით, დაუკავშირდა თავის ნაცნობებს – მ. უ-ეს და სამედიცინო კლინიკა „ბ-ის“ კლინიკური დარგის ხელმძღვანელს, მეან-გინეკოლოგ გ. გ-ს; მათ, თავის მხრივ, მატერიალური სარგებლის მიღების სურვილით, არასრულწლოვნის გაყიდვაში დასახმარებლად, საკუთარი როლის შესრულება იკისრეს. კონკრეტულად, მ. უ-ემ შვილად აყვანის მიზნით არასრულწლოვნის შემძენი პირის მოძიება უზრუნველყო ლ. გ-ას, ქ. გ-ისა და დ. კ-ის მეშვეობით. მ. უ-ე აგრეთვე ასრულებდა ერთ-ერთი მთავარი შუამავლის ფუნქციას არასრულწლოვნის მყიდველსა და დანაშაულში მონაწილე სხვა დანარჩენ პირებს შორის. გ. გ-ი, შეთანხმებისამებრ, საკუთარ თავზე იღებდა ფეხმძიმე ქალის მშობიარობის მიღებას, ოპერაციას, სტაციონარიზაციას, პაციენტის ყალბი ისტორიის შექმნასა და კლინიკიდან ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებას.
• შვილად აყვანის მიზნით არასრულწლოვნის გაყიდვაში თითოეულმა მონაწილემ საკუთარი როლის, მონაწილეობის ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინებით, მყიდველისაგან მთლიანობაში მოითხოვეს დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადაცემა. 2020 წლის 31 იანვარს ი. მ-ემ, გ. გ-ის ხელშეწყობით, სამედიცინო კლინიკა „ბ-ში“ გაიარა ყველა საჭირო პროცედურა და დარეგისტრირდა ბავშვის მომავალი მყიდველის, დედის – თ. ჩ-ის სახელით. შესაბამისად, ყალბად გაფორმდა, რომ, თითქოსდა, 4 თებერვალს იმშობიარა თ. ჩ-ემ, რომელსაც საკეისრო კვეთა გაუკეთა გ. გ-მა. მას შემდეგ, რაც 2020 წლის 6 თებერვალს ი. მ-ე თ. ჩ-ის სახელით გაწერეს სამედიცინო კლინიკა „ბ-იდან“, მან და მ. უ-ემ, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ახალშობილი გადასცეს ზემოხსენებული სუბიექტების მიერ წინასწარ მოძიებულ მყიდველზე გადასაცემად თამარ ჭანიშვილსა და კახაბერ მაჭარაშვილს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ზვიად ფხაკაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მკაცრი სახისა და ზომის განსაზღვრას, სასჯელების პირობითად ჩათვლის გარეშე, ხოლო ბ. ღ-ისა და გ. გ-ისათვის – დამატებით სასჯელად თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელების ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და თითოეული მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების – ი. მ-ის, გ. გ-ის, ქ. გ-ის, მ. უ-ის, ლ. გ-ას, დ. კ-ისა და ბ. ღ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გახადეს სადავოდ, რითიც ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; მ. უ-ისა და ლ. გ-ას შემთხვევაში – ასევე მათი ხანდაზმული ასაკი და ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა, ხოლო ბ. ღ-ის, გ. გ-ის, ქ. გ-ისა და დ. კ-ის შემთხვევაში – მათი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა), განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების საფუძველი.
8. რაც შეეხება თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში. სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია მსჯავრდებულების – გ. გ-ისა და ბ. ღ-ისათვის დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე და ითხოვდა მხოლოდ მსჯავრებულებისათვის სასჯელების გამკაცრებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გ. გ-ისა და ბ. ღ-ისათვის თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნის ნაწილშიც პროკურორის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიაჩნია.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი