საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№191აპ-21 ქ. თბილისი
დ-ე დ-თ, 191აპ-21 14 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველისა და მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. დ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 7 დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ში, ვ. ა-ის ქ. №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონფლიქტის დასრულების შემდეგ, დ. დ-ემ ბასრი საგნის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ლ. კ-ას გულმკერდის არეში, ხოლო დ. შ-ს – გულმკერდისა და მუცლის არეში. ლ. კ-ა და დ. შ-ი გადაიყვანეს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტი კლინიკაში, სადაც აღმოუჩინეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დ. დ-ის, – დაბადებულის 19- წელს, ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე (ორი ეპიზოდი); დ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით (ლ. კ-ასა და დ. შ-ის ეპიზოდები) და მიესაჯა 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 122-ე მუხლით (დაზარალებულ დ. შ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და დ. დ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 7 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: დ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით (2 ეპიზოდი) და განესაზღვრა 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე დ. დ-ე მსჯავრდების ორივე ეპიზოდში გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან – 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან (რომელიც განაჩენის დადგენის დროისათვის უკვე მოხდილი ჰქონდა).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 7 დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ში, ვ. ა-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, დ. დ-ესა და, მეორე მხრივ, ლ. კ-ას, დ. შ-სა და მათ თანმხლებ პირებს შორის ორ ეტაპად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, დ. დ-ემ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ბასრი საგნის გამოყენებით, ლ. კ-ას – გულმკერდის, ხოლო დ. შ-ს – გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა მეტრეველი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. ადვოკატი გ. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და დ. დ-ის უდანაშაულოდ ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№593აპ-15, №142აპ-13), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება.
9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ. დ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. დ-ის გამართლების თაობაზე.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია: საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მსჯავრდებული დ. დ-ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა დაზარალებულებს. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა ფაქტის შემსწრე მოწმეებისა და მსჯავრდებულის ჩვენებები, კამერების ვიდეოჩანაწერები, ასევე – ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულისა და დაზარალებულების ქცევა როგორც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებისას, ისე – მანამდე. საყურადღებოა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების ორივე ეპიზოდში ინიციატორი იყო დაზარალებული მხარე და მათი მეგობრები. აღნიშნული ფაქტი კი მათ რიცხვობრივ და ფიზიკურ უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა მსჯავრდებულის ქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ვინაიდან, მართალია, მას შეექმნა აგრესიისაგან თავის დაცვისა და მოგერიების ვითარება, მაგრამ თავდაცვა შესაძლებელი იყო დაზარალებულისათვის შედარებით მცირე დაზიანებების მიყენებით.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დ. დ-ეს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, მაგრამ ამისათვის გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რომლის დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს (საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დ. დ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება (დაზარალებულების – ლ. კ-ასა და დ. შ-ის ეპიზოდები) მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველისა და მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი