დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.06.2021
საქმის ნომერი
2კ-361-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802221004621702

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№361I-21 ქ. თბილისი

ფ–ი ე., 361I-21 4 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ფ–ს მიმართ მ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2017 წლის 22 დეკემბერს კიშინეუს მუნიციპალიტეტის პროკურატურის მიერ გამოცემული ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე დადგენილების თანახმად, ე. ფ–ს ბრალად ედება მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

იმავე დღეს მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს ე. ფ–ს ძებნა.

2017 წლის 28 დეკემბერს მ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს ჩ-ს სასამართლოს განჩინებით ე. ფ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

იმავე დღეს მ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს ჩ-ს სასამართლომ გამოსცა ე. ფ–ს დაკავების ბრძანება.

2018 წლის 9 აგვისტოდან ე. ფ–ი მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. ე. ფ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2019 წლის 9 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ფ–ი.

2019 წლის 12 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ფ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო - 20 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით.

2019 წლის 22 თებერვალს ზემოაღნიშნული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოქალაქე ჟ. ფ–ს (პ/ნ ..........) უძრავ ქონებას და ე. ფ–ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2019 წლის 20 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ფ–ს ექსტრადიციის თაობაზე მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

მ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე. ფ–სათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 იანვრიდან იმავე წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე პერიოდში, დაზარალებული პირის - დ. დ–ს ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით, რომ მასთან ერთად გეგმავდა საერთო ბიზნესის წამოწყებას, კერძოდ, თ.........ის რესპუბლიკიდან ტანსაცმლის ჩამოტანას და ვაჭრობას. საერთაშორისო გადარიცხვების გზით, ე. ფ–მ დ. დ–სგან მიიღო და უკანონოდ დაეუფლა ამ უკანასკნელის ფულს, ჯამურად 197 926, 89 მ. ლეი.

4. 2021 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ე. ფ–სათვის მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მოცემული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ე. ფ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე კიშინეუს მუნიციპალიტეტის პროკურატურის 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინებით საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ფ–ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მოცემული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ე. ფ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე კიშინეუს მუნიციპალიტეტის პროკურატურის 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ფ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმებასა და ე. ფ–ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე. ფ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ფ–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 9 თებერვალს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. ფ–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ა..........ის რესპუბლიკის მოქალაქე.

5. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.

6. ე. ფ–ი არის ა..........ის რესპუბლიკის მოქალაქე, ხოლო მის ექსტრადიციას მოითხოვს მესამე, არა წარმოშობის სახელმწიფო - .............ას რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

7. დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ე. ფ–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იყოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ე. ფ–ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

8. ე. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით.

9. ე. ფ–სათვის ბრალად შერაცხული, განსახილველ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით.

10. ამრიგად, ე. ფ–სათვის ბრალად შერაცხული ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე მ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

11. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ე. ფ–ი ბრალდებულია მ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

12. ე. ფ–მ ბრალად შერაცხული ქმედებები ჩაიდინა 2017 წელს, ხოლო დადგენილება ე. ფ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ გამოტანილია, აგრეთვე, 2017 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა - 10 წელი გასული არ არის.

13. ამასთან, მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ე. ფ–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, მ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, გასული არ არის.

14. ე. ფ–ს უფლებების დარღვევის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.

15. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ მ-ს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ე. ფ–ს ექსტრადიცია არ მოითხოვება მის მიმართ რაიმე ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ფ–ი „არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მესამე მუხლი...)“ ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით.

16. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მ-ს რესპუბლიკა არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფო.

17. მ-ს რესპუბლიკა ასევე არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა. აღნიშნული ორგანიზაცია კარგად გამართული და ეფექტური სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და ინსტიტუციების მეშვეობით თავის წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვას მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფს. ამდენად, მ-ს რესპუბლიკის იურისდიქციაში არსებული პირები სარგებლობენ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, ინდივიდუალური საჩივრისა და ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის სხვა, მრავალი ეფექტური მექანიზმით, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი და ა.შ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს და არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ფ–ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები.

19. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს პრეტენზიას ე. ფ–ს პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქმის მასალების თანახმად, ე. ფ–ს პიროვნების იდენტიფიცირება მოხდა 2019 წლის 12 თებერვალს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე. ამასთან, ა-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ ე. ფ–ს სახელზე გაცემულია ორი პასპორტი შემდეგი ნომრებით: ......... და .......... (ტ.1.ს.ფ.24). ე. ფ–მ დღეს მოქმედი მისი აქტიური პასპორტი ნომრით - ........... აიღო 2018 წელს, ხოლო მ-ს რესპუბლიკაში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელება დაიწყო 2017 წელს და შესაბამისად, იმ დროისათვის ე. ფ–ს მიმართ ძებნა გამოცხადდა ძველი პასპორტის ნომრით - ........... (ტ.2.ს.ფ.138). ამდენად, ლოგიკურია, რომ მ-ს რესპუბლიკის მიერ გამოცემულ ძებნის დადგენილებაში მითითებული პასპორტის ნომერი და დღეს მოქმედი პასპორტის ნომერი ერთმანეთს არ ემთხვევა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს დოკუმენტაციას (იხ.ტ.1, ს.ფ. 48-50, 53-59), ინდივიდუალური ანგარიშსს (ფაილი N2018/65079, ტ.1, ს.ფ.55-56).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, „არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989) და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე