საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№527აპ-21 ქ. თბილისი
კ. შ., 527აპ-21 17 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მაისის განაჩენით შ. კ., – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 30 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენით შეიცვალა: შ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 2 წლით, 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 30 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. კ-მ ჩაიდინა: ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის აგვისტოში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, წ-ს რაიონის სოფელ ს-ში, შ. კ-მ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ. კ-ზე, კერძოდ, ხელი მოუჭირა ბეჭის არეში. ძალადობის შედეგად მ. კ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის აგვისტოში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, რამდენჯერმე და 2019 წლის 22 აგვისტოს წ-ს რაიონის სოფელ ს-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, შ. კ-მ წინასწარი შეცნობით მცირეწლოვან – 2013 წლის 19 სექტემბერს დაბადებულ მ. კ-ს მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ, აჩვენა თავისი სასქესო ორგანო, მოაკიდებინა ხელი და მიადო სახეზე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ი. ლ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენის გაუქმებას და შ. კ-ს გამართლებას იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №77აპ-17, №90აპ-17, №483აპ-17).
7. განსახილველ შემთხვევაში კასატორს საეჭვოდ მიაჩნია არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებები. როგორც საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, დაზარალებულმა მ. კ-მ, თავისი ასაკის გათვალისწინებით, თანმიმდევრულად და ნათლად აღწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სასამართლოს მისცა დამაჯერებელი ჩვენება, რომლის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
8. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, შ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობით: მოწმეების – ა. ქ-ს, გ. ც-ს, თ. გ-ს, ი. დ-ის, ნ. კ-ის, ნ. ლ-ის, პ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, 2019 წლის 30 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და სხვ.. განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმე ნ. კ-ის ჩვენება, რომელმაც არასრულწლოვნის მიერ გადმოცემული ინფორმაციის რეალურობასთან დაკავშირებით სასამართლოს განუმარტა, რომ გამოკითხვისას ბავშვი იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული; განცდები და ბავშვის მიერ გადმოცემული სიტყვიერი მასალა იყო ადეკვატური და შესაბამისი; პერიფრაზის დროს ბავშვი თვითონ ასწორებდა, რა თქვა მან და ითხოვდა, რომ ზუსტად მის მიერ გადმოცემულის დაფიქსირება მომხდარიყო; მისთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ერთგვარად სანიშნო იყო, რომ როგორც სექსუალური ფაქტის აღწერა, ისე პიროვნებასთან ურთიერთობა იყო რეალური და ბავშვის ქცევა შეესაბამებოდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ქცევას; ფსიქოლოგს პირადად მაღალი ალბათობით სჯერა, რომ ბავშვის მიერ გადმოცემული ინფორმაცია არის ზუსტად ავთენტიკური.
9. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულ მ- კ-სა და მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 7 ოქტომბრის №- დასკვნით, 2019 წლის 4 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.
11. გარდა ამისა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე