საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.03.2022
საქმის ნომერი
2კ-1084აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119003173067

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1084აპ-21 ქ. თბილისი

ჩ. გ. 1084აპ-21 22 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2012 წელს გ. ჩ–მ (ბრალდებულ გ. ჩ–ის მამამ) შეიძინა „რენოს“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელიც გაფორმდა კ. მ–ს სახელზე. ვინაიდან ავტომანქანა შეკეთებას საჭიროებდა, კ. მ–მ გაიღო გარკვეული თანხა. მოგვიანებით ეს უკანასკნელი შეუთანხმდა მ. ჩ–ს შვილს - გ. ჩ–ს, რომ მისგან გამოისყიდდა ხსენებულ ავტომანქანას. საბოლოოდ მხარეთა შორის წარმოიშვა უთანხმოება იმის გამო, თუ ვისთვის უნდა გადაეხადა თანხა კ. მ–ს. 2019 წლის 27 ივლისს, .....ს გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჩ–მ წაართვა კ. მ–ს ხსენებული ავტომანქანის გასაღები, ავტომანქანის დოკუმენტები და მობილური ტელეფონი, რომელთა დაბრუნების სანაცვლოდ, მოითხოვა მ. ჩ–სათვის გადაცემული თანხის დაბრუნება. გ. ჩ–ს აღნიშნული ქმედებით კ. მ–ს მიადგა მნიშვნელოვანი - 493 ლარის ზიანი.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით გ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა გ. ჩ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ–მ მოითხოვეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გ. ჩ–ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

5.1. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი.

5.3. გ. ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5.4. გამართლებულ გ. ჩ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ გ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. დ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8. კასატორის პოზიციის თანახმად, გ. ჩ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

9. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ. ჩ–მ ჩაიდინა თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. საქმეში გ. ჩ–სათვის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი ჩვენება (დაზარალებულ კ. მ–სის ჩვენება); გ. ჩ–ს დედის - ნ. ი–საგან ამოღებული კ. მ–სის კუთვნილი შავი ტყავის საბუთების ჩასადები, მასში მოთავსებული დოკუმენტებით (იხ. ამოღების ოქმი); მოწმეების: ნ. კ–ს, ვ. ღ–ს, ა. ბ–ს, ა. ხ–ს ჩვენებები რომლებიც, ეხება მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. ნ. ი–მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ დაზარალებულის ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის კრიტერიუმს. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის თვითმხილველი და მონაწილე პირების ჩვენებების არარსებობა a priori არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება საეჭვო გახდეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში კ. მ–სის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც გ. ჩ–მ წაიღო მისი ტელეფონი და მანქანის საბუთები, შემდგომში გაჩერებულ სხვა სატვირთოს მძღოლს სთხოვა ტელეფონი და დაურეკა გ. ჩ–ს, რომ მოეტანა მისი ტელეფონი და ნივთები, ზეპირად მხოლოდ გ. ჩ–ს ტელეფონის ნომერი იცოდა - .... (იხ.: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 17:13:38 – 17:14:25). დანაშაულის შეტყობინების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 112-ში ზარი განხორციელდა 2019 წლის 27 ივლისს, 00:11:44 საათზე, გამვლელმა ლ. მ–მ ოპერატორს განუცხადა მომხდარი შემთხვევის შესახებ. შპს „......დან“ გ. ჩ–ს მიერ გამოთხოვილი მისი ტელეფონის ....... ნომრის 26.07.2019-27.07.2019 წლის დეტალური ამონაწერის თანახმად, 27 ივლისის 00:00 საათიდან 00:44:19 საათამდე დროის მონაკვეთში შესულია სამი ზარი(ტელ: ......... (ორი ზარი); ..........). კ. მ–სის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 27 ივლისს სარგებლობდა ტელეფონის ნომრით - .... (იხ.: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 17:21:01 – 17:21:10). შესაბამისად, ნათელია, რომ იმ დროს, როდესაც კ. მ–სის ტელეფონი უნდა ჰქონოდა გ. ჩ–ს მან განახორციელა ზარი(27.07.2019 წლის 00:06:13 საათზე, ზარის ხანგრძლივობა 26 წამი) გ. ჩ–ს ტელეფონზე(პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალად წარდგენილი ქმედება გ. ჩ–მ ჩაიდინა 2019 წლის 27 ივლისს). რაც შეეხება მეორე ნომერს - .......... -მასთან, ამონაწერის თანახმად, მანამდეც და მას შემდეგაც არაერთი სატელეფონო ზარია განხორციელებული, შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულის მიერ უცხო ადამიანის ტელეფონიდან გ. ჩ–ს ტელეფონზე დარეკვისა და მისი ნივთების მოთხოვნის ფაქტი. ამასთან, კ. მ–მ განმარტა, რომ როდესაც გ. ჩ–ე მობრუნდა და გასაღები და ტელეფონი გადმოუგდო მანქანიდან, თვითონ მეგობრის ავტომობილში იჯდა, რომელმაც ასევე დაინახა, როგორ გადმოაგდო გ. ჩ–მ ტელეფონი და გასაღები. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ეტაპზე სამჯერ გამოიკითხა, გამომძიებლისათვის არ უთქვამს მისი მეგობრის შესახებ, რადგან თვითონ ამბობდა და სხვისი დამოწმება საჭირო არ იყო (იხ.: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 17:15:45-17:16:32). თავად დაზარალებულის ჩვენებით ასევე დგინდება მასა და გ. ჩ–ს შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის შედეგით დაფუძნებული მატერიალური შემადგენლობა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. საქართველოს სსკ-ის 25-ე თავით გათვალისწინებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან განსხვავებით, სადაც ქმედებით გამოწვეული ზიანის მნიშვნელობა საკანონმდებლო წესით არის განსაზღვრული, თვითნებობის შემთხვევაში ზიანის ოდენობა და ხასიათი (მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი) სასამართლოს შეფასების საგანია და განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის 173აპ-21 განჩინება). მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არაქონებრივი - მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას მნიშვნელოვან ზიანთან მიმართებით, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ზიანის არსებობა.

13. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტელეფონის რეალურ ღირებულებას (მაგ.: სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ან/და ნივთის ღირებულების დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება); დაზარალებულის მიერ მითითებული ჯარიმის რეალურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება(გამოწერილი ჯარიმა ან/და ჯარიმის გადახდის ქვითარი, ცნობა ჯარიმის გამო არასრული ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ს–ში კონტეინერის დათქმულ დროს ჩაუტანლობის გამო დააჯარიმეს 300 ლარამდე(იხ.: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 17:24:04-17:25:00). საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმით 2019 წლის 27 ივლისს ნ. ი–სგან ამოღებული კ. მ–ს კუთვნილი შავი ტყავის საბუთების ჩასადები მასში მოთავსებული კ. მ–სის სახელზე გაცემული საბუთებით (მათ შორის: მართვის მოწმობით, მისივე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ავტომანქანა „რენაულტის“ რეგისტრაციის ბარათი და „ტროუილეტ ST3350“ ფირმის, სახელმწიფო ნომრით - ...... მისაბმელის რეგისტრაციის ბარათი, ასევე, კ. მ–სის სახელზე გაცემული .........ს ბანკის პლასტიკური ბარათი, „...... მოტორსის“ პლასტიკური ფასდაკლების ბარათი და „...... ბანკის“ პლასტიკური ვიზაბარათი) კ. მ–სის განმარტებით აღნიშნული საბუთები გამოძიების ორგანოში მას არ მისცეს - რადგან პროკურორი არ იყო, უთხრეს, რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე საბუთებს ვერ მისცემდნენ. შემდეგ მასაც აუკრძალეს საზღვრის გადაკვეთა, საგამოძიებო ორგანოში დადიოდა, რომ დახმარებოდნენ და კონტეინერი ჩაეტანა დანიშნულ დროს (იხ.: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 17:21:40-17:22:20; 17:22:30-17:22:45) და დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ წავიდა.

14. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ერთი-ერთი ნიშნის არსებობა - გ. ჩ–ს ქმედებით კ. მ–სისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე