საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№809აპ-21 ქ. თბილისი
დ-ი დ., 809აპ-21 2 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველისა და მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. დ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თ-ში, დ. ა-ის გამზირისა და ს-ის ქუჩის გადაკვეთის ადგილას არსებულ ე.წ. „არკასთან“, არასრულწლოვანმა დ. დ-მა პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტვით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი დაზიანება მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ა. კ-ს, კერძოდ, დანის გამოყენებით მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა მარცხენა მტევნის არეში, ორი ნაკვეთი ჭრილობა – გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და ოთხი ნაკვეთი ჭრილობა – მარცხენა დუნდულოს, გავისა და წელის მიდამოში, საიდანაც თეძოს მიდამოს ჭრილობა შემავალია მუცლის ღრუში, ხოლო დუნდულოს მიდამოს ჭრილობა – სწორი ნაწლავის მიმდებარე ქსოვილებში. დროული და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის შედეგად ა. კ-ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის განაჩენით დ. დ-ის, – ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; დ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 30 ოქტომბრიდან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ. დ-ს დაევალა „კონფლიქტების მართვისა და ასერტული ქცევის“ პროგრამაში ჩართვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე არასრულწლოვან დაზარალებულ ა. კ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობათ საქმის განხილვის შედეგი და ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 30 ოქტომბერს ქ. თ-ში, დ. ა-ის გამზირისა და ს-ის ქუჩის გადაკვეთის ადგილას არსებულ თაღთან, არასრულწლოვანმა დ. დ-მა, პირადი კონფლიქტის გამო, არასრულწლოვან ა. კ-ს დანით მიაყენა არაერთი ჭრილობა, რომელთაგან ერთი – მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას, ხოლო დანარჩენი დაზიანებანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთობლივად, მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა მეტრეველი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
5. ადვოკატი ლ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. დ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას საჩივარში მითითებული მოტივებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№680აპ-17, №227აპ-16, №608აპ-21), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება.
9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ. დ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია: საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მსჯავრდებულ დ. დ-ს დაზარალებულისათვის დანის დარტყმის განზრახვა აღეძრა ჩხუბის პროცესში; დაზიანებათა რაოდენობა და ხარისხი, ასევე ის ფაქტი, რომ ბრალდებული პერიოდულად იქნევდა დანას, თავისი ნებით წავიდა შემთხვევის ადგილიდან, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებით, ხელს არაფერი უშლიდა, განზრახვა სისრულეში მოეყვანა, მიანიშნებს იმაზე, რომ დ. დ-ის ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობით დაკვალიფიცირება საფუძველსაა მოკლებული, მითუფრო, იმ ვითარებაში, როდესაც მოწმეებმა არ დაადასტურეს, რომ, მიუხედავად შესაძლებლობის არსებობისა, დ. დ-ს დანის დამატებით დარტყმა აღარ უცდია. სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისაგან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული დაზიანება ან დაზიანებები მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, უპირობოდ არ ნიშნავს, რომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე ან 109-ე მუხლით. განზრახვის დასადგენად უნდა დადგინდეს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა ხარისხი, ხასიათი და ლოკალიზაცია, მათი მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვეპლის ურთიერთდამოკიდებულება და ა.შ..
11. მოცემულ შემთხვევაში დ. დ-ის მიზანი ა. კ-ისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება იყო. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა ფაქტის შემსწრე მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებები, დაზიანებათა რაოდენობა, ლოკალიზაცია და ხარისხი, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა როგორც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებისას, ისე – მანამდე.
12. სისხლის სამართლის საქმის მასალების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. დ-ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ არსებობს აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).
13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და მითუფრო, არც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჩხუბის ინიციატორი იყო დ. დ-ი, რომელმაც სწორედ თვითონ გამოიყენა მოწინააღმდეგის დაზიანებისათვის უფრო საშიში საშუალება. დ. დ-ისათვის დაზარალებულს არ შეუქმნია ისეთი ხასიათის იმწუთიერი და რეალური საფრთხე, რომელიც განაპირობებდა მის მიერ დანის გამოყენებით ხელმყოფის მოსაგერიებლად მოქმედების აუცილებლობას, ხოლო დანაშაულის ჩადენის ხერხი და იარაღი, ასევე – დაზარალებულისათვის რამდენიმე ჭრილობის მიყენება მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან არა დაცვის, არამედ ა. კ-ის სხეულის დაზიანების სურვილზე. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ დანის დარტყმა იგრძნო მას შემდეგ, რაც დ. დ-ს ხელი გაუშვა.
14. დაცვის მხარის კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ, თითქოს, დ. დ-მა არ იცოდა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი იყო. მსჯავრდებულმა და დაზარალებულმა კარგად იცოდნენ ერთმანეთის ცხოვრების დეტალები, სწავლობდნენ ერთ სკოლაში; მიუხედავად ა. კ-ის ფიზიკური მონაცემებისა, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, იგი ობიექტური დამკვირვებლისათვის აღიქმებოდა არასრულწლოვნად. ყოველივე ზემომითითებული კი საკმარისია დასკვნის გამოსატანად, რომ დ. დ-მა იცოდა, რომ დაზარალებული იყო არასრულწლოვანი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დ. დ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
17. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველისა და მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე